რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

სალია რუსთავი 2-ზე: არხი იქნება უფრო არგუმენტირებულად კრიტიკული, ვიდრე ეს იყო მანამდე

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ ნოდარ მელაძის, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის და სხვა ჟურნალისტების ტელეკომპანიიდან გათავისუფლებას "არანაირი კატასტროფა" არ მოყვება. მისი თქმით, არხი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 

"არხი გააგრძელებს მუშაობას, იქნება ისევე კრიტიკული და კიდევ უფრო მეტად კრიტიკული, უფრო მეტად არგუმენტირებულად კრიტიკული, ვიდრე ეს იყო მანამდე"- ამბობს სალია. 

მისივე თქმით, ჟურნალისტს შეუძლია იყოს არხის მესაკუთრის მიმართაც კრიტიკული, მაგრამ ეს არ უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტული, დამაზიანებელი მოქმედებებით.

"მაგალითად, სამართლიანი დავის წარმოებაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ თქვენს დამქირავებელთან იყოთ სამართლებრივ დავაში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით და ამ დროს გექნებათ ჩვეულებრივი ურთიერთობა მასთან სამსახურში. ალბათ ყველას გვიმუშავია და ყველას გვესმის, რომ შესაბამისად არ გვინდა ხელის შემშლელი ფაქტორები იყოს არხზე. არ გვინდა რომ მუდმივად ვიყოთ იმის მოლოდინში რომ ხვალ ვიღაც ფეხს დაკრავს და წავა, ან ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაგვაზიანოს ვიღაცის სარჩელის მხარდაჭერით. სასამართლოში წასვლით არხის მეპატრონის წინააღმდეგ და ა.შ ამაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, რომ ვიღაცას გამოხატვის თავისუფლებაა შეეზღუდოს. აქამდე ეს არავის არ შეზღუდვია",- ამბობს პაატა სალია.  

რუსთავი 2-დან ჟურნალისტები დღეს, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

პაატა სალია რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტს 18 ივლისიდან იკავებს. ამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები