რუსთავი ორი

მელაძე: ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა მითხრა, რომ არხზე უნდა დაიწიოს კრიტიკის ხარისხმა

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელიც დღეს გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ამბობს, რომ ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის სახელზე გადაფორმებიდან მალევე, მასთან მივიდა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და დაპირდა, რომ არ შეეხებოდნენ მის თანამდებობას, თუ კურიერის მომზადებისას გაითვალისწინებდა კონკრეტულად ამ საქმისთვის გამოყოფილი ადამიანის რეკომენდაციებს და არხზე ჩამოიწევდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულობის ხარისხი. მელაძის ინფორმაციით, ამ პირმა მას ასევე უთხრა, რომ იყო თემები, რომელიც არხს საერთოდ არ უნდა გაეშუქებინა. მელაძის თქმით, ამ გარიგებაზე უარის თქმის შემდეგ დაიწყეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის საბაბის ძებნა. 

„ჩემთან ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელს, რომელიც იყო პირდაპირ კავშირზე. მისი პოზიცია იყო, რომ არ უნდათ რუსთავი ორისგან იმედის გაკეთება და კრიტიკის რაღაცა დოზა კურიერში დარჩება, მე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას საინფორმაციო უფროსის თანამდებობაზე, უბრალოდ უნდა მიმეცა მათთვის საკომუნიკაციო არხი. იქნებოდა ადამიანი, ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან კონსულტაციით და მისი გადაწყვეტილების მიხედვით უნდა დამეგეგმა. თუ დავთანხმდებოდი მე ამ წინადადებას, ოფიციალურად დაარქმევდნენ, რომ მე ვარ ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თუმცა „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი,“ - ციტირებას ვახდენ. მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, იმიტომ რომ ის თავად ებრძვის ბიუჯეტის ქურდებს, თუმცა იყო რაღაც თემები, რომლებსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა,“ - ამბობს მელაძე.

მისივე თქმით, ამის შემდეგ პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის დავალებით მიიღო გადაწყვეტილება და გააჩერა მელაძისათვის ხელფასის ჩარიცხვა. მელაძე ამბობს, რომ მას ამ დროისათვის ივნისის თვის ხელფასიც არ აუღია. რაც შეეხება გათავისუფლების მოტივს, მელაძის თქმით, რუსთავი ორში ეს წმენდა ხელისუფლების წარმომადგნელების გადაწყვეტილებით დაიწყო.

„რაც შეეხება მოტივს, სალია ამბობს, რომ მე ვარ ბმაში ნიკა გვარამიასთან, იმიტომ რომ 2016 წელს, როდესაც ვმუშაობდი რუსთავი ორის პოლიტიკური პროგრამების მთავარ პროდიუსერად მაქვს მიღებული წლიური ბონუსი ნიკა გვარამიასგან. გვარამია იყო დირექტორი და ბონუსს გასცემდა ის. კერძო კომპანია მის თანამშრომელს, რომელიც ქმნის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 000 ამერიკულ დოლარად, ბონუსს ან გამოუწერს, ან არ გამოუწერს. ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი. სალიამ გააჩერა ჩემი ხელფასი და დღეს მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების საფუძველი, რაც არის რა თქმა უნდა ბოდვა და მე მას ვუპასუხე, რომ ეს არის იმ მიზეზთაგან, რომლის პოვნასაც ცდილობდნენ, რომ ჯერ შეექმნათ ჩემგან ფასადური წარმომადგენელი, რომ ვითომ იგივე ადამიანი დარჩა და მე დავიწყებდი კურიერის ცენზურას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არა. მეორე იყო ფინანსური წნეხი, და ეგონათ რომ დავთანხმდებოდი და ვეტყოდი, ოღონდ ხელფასი გადამიხადეთ და შემოვალ თქვენთან თანამშრომლობაშითქო. საკადრო წმენდასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ხელისუფლებამ დაიწყო წმენდა,“ - ამბობს მელაძე.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სამართლებრივ დავას დაიწყებს, მისივე ინფორმაციით მის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დაიცავს. მელაძე ამბობს, რომ მისი კონტრაქტი რუსთავი ორთან საკმაოდ მყარ გარანტიებს მოიცავს.

რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

კომენტარები