მთავარი არხი

შევხვდებით მთავარ არხზე - ჟორჟოლიანი, გაბუნია, მელაძე და კვესიტაძე გვარამიასთან იმუშავებენ

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები, რომლებიც არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ 20 აგვისტოს გაათავისუფლა, ნიკა გვარამიას "მთავარ არხზე" იმუშავებენ. ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა, ნოდარ მელაძემ, ეკა კვესიტაძემ და გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წინ, "სირცხვილიას" გადაცემაში თქვეს. 

"მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ნიკა გვარამიასგან მივიღე შემოთავაზება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის არხიდან წავიდა და მე დღეს მას მივეცი თანხმობა რომ მე ვიმუშავებ ნიკა გვარამიასთან მთავარ არხზე. ამიტომ ბიძინა ივინიშვილს ძალიან ადრე უფიქრია, რომ ჩვენ ან დაგვახშო ან დაგვხურა. ჩვენ შევხვდებით მთავარ არხზე და სხვებიც ალბათ მიიღებენ იგივე გადაწყვეტილებას"- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

"შევხდებით იქ სადაც ხდება მთავარი და მთავარი მოხდება იქ სადაც იმუშავებენ ამ ქვეყნის მთავარი ჟურნალისტები, მთავარ არხზე"- თქვა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ. 

ეკა კვესიტაძის თქმით, რუსთავი 2-ში დარჩენა ნიშნავს იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანას ღუპავს. 

"მიზეზი, რომ ოჯახი მყავს, რომელიც ლეგიტიმურია და ყველას უკან ოჯახები გვყავს, ამ შემთხვევაში თავის ლეგიტიმურობას კარგავს, რადგან მათ აქვთ შეთავაზება. ვერც წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვინც არხზე დარჩება და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იქნება მათი მხრიდან სამარცხვინო საქციელი"-თქვა კვესიტაძემ. 

გვარამიას არხზე იმუშავებს გიორგი გაბუნიაც. მისი თქმით, "მთავარი არხი" დიდი ხნის განმავლობაში რუსთავი 2-ის სლოგანი იყო. 

"ახლა ვთვლი, რომ მთავარი არხი იქნება იქ სადაც წავალთ ჩვენ და სადაც ჩვენი ლიდერი იქნება ნიკა გვარამია. მე მივდივარ იქ სადაც ვმუშაობდი ამდენი წლის განმავლობაში"- ამბობს გაბუნია.

ცნობისთვის, რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი უკვე დაარეგისტრირა. როგოც თავად გვარამია წერს, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება. სამოქალაქო რეესტრის ამონაწერში, რომელსაც გვარამია თავად ავრცელებს, წერია, რომ ფინანსური დირექტორი იქნება ირაკლი ნიჟარაძე, ხოლო დირექტორებად გვარამიას გარდა, რუსთავი ორის ყოფილლი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილიც არიან მითითებული. რაც შეეხება წილებს ამონაწერის მიხედვით, 51%-ის მფლობელი ნიკა გვარამიაა, ხოლო 49%-ის კახაბერ ანჯაფარიძე. 

გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიის დატოვებისდან მალევე გვარამიამ ახალი არხის შემქნა დაანონსა.

 

კომენტარები