რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

NGO-ები რ2-ზე: დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოტივაციებზე ეჭვებს აღრმავებს

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს. NG0-ები აცხადებენ, რომ არხის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ მოტივაციებზე ეჭვებს აღრმავებს. 

მათი განცხადებით, ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს რუსთავი 2-ის ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

ორგანიზაციების თქმით, მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც

"ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს,  დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ  “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა"- წერია განცხადებაში. 

NGO-ების თქმით, ცალსახაა, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საზოგადოება და ბანკები
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • მწვანე ალტერნატივა
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

ამის შემდეგ, რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. მათ განცხადება 9 საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. არხს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს.

 

კომენტარები