დონალდ ტრამპი

ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო დანიაში ვიზიტი გადადო

Metro

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო დანიაში 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

"დანია ძალიან გამორჩეული ქვეყანაა დაუჯერებელი ხალხით. მაგრამ, პრემიერმინისტრ მეტტე ფრედერიკსენის კომენტარებზე დაყრდნობით, იმის შესახებ, რომ ის არ არის დაინტერესებული გრენლანდიის გაყიდვაზე მოლაპარაკებებით, 2 კვირის შემდეგ დაგეგმილ ჩვენს შეხვედრას გადავდებ სხვა დროისათვის. პრემიერმინისტრმა აშშ-საც და დანიასაც დიდი დრო და რესურსები დაუზოგა ასეთი პირდაპირობით. მადლობას ვუხდი მას და ველი სამომავლო შეხვედრას." დაწერა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.

ტრამპმა 19 აგვისტოს დაადასტურა, რომ სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე გრენლანდიის შეძენა მართლაც სურდა, თუმცა თქვა, რომ მისთვის ეს მთავარ პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

"მას დანია ფლობს. ჩვენ დანიის კარგი მოკავშირეები ვართ, ჩვენ ვიცავთ დანიას ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილს. ამიტომ ეს იდეა წარმოიშვა და ვთქვი, რომ განვიხილავდი. ის სტრატეგიულად საინტერესოა და დაინტერესებულები ვართ, თუმცა ბევრ განხილვას არ ვგეგმავთ. არსებითად, ეს უძრავი ქონების დიდი გარიგებაა. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს." თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ გრენლანდიის ფლობა დანიას აზარალებს და ამის გამო ყოველწლიურად 700 მილიონ აშშ დოლარს კარგავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა მონაცემებს ეყრდნობოდა. ამ დროს ტრამპი ირწმუნებოდა, რომ დანიაში ევროპული ტურის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი გრენლანდიის საკითხს არ შეეხებოდა.

გრენლანდიის მთავრობაში ამბობენ, რომ ტერიტორია არ იყიდება, ხოლო დანიის პრემიერმინისტრმა ამ საკითხის განხილვას აბსურდი უწოდა.

"გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია დანიური არაა. გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის. იმედი მაქვს, რომ ამას სერიოზულად არ ამბობენ." თქვა მეტტე ფრედერიკსენმა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე დადო ფოტო, რომელშიც გრენლანდიის პეიზაჟში Trump Tower-ია ჩამატებული. "გპირდებით, გრენლნადიას ამას არ გავუკეთებ" დაწერა მან.

კომენტარები