Ryanair

ავიაკომპანია Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს - ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

Ryanair

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დღეს, 14:00-ზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

"მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

კომენტარები