ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი ქუთაისი-ბოლონიის და თბილისი-მილანის რეისებს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს. ოფიციალურ საიტზე მილანის მიმართულებით პირველი ფრენის თარიღად 6 ნოემბერია მითითებული, ხოლო ბოლონიის მიმართულებით - 9 ნოემბერი.
რეისები თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება. ხოლო ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით Ryanair-ი კვირაში ორჯერ იფრენს - 1 გზის ფასი 10 ევროდან იწყება.
Ryanair-ის საიტზე ასევე დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ქუთაისი-მარსელი. პირველი ფრენის თარიღად 7 ნოემბერია მითითებული. კვირაში ორი რეისი შესრულება - 1 გზის ფასი 27 ევროდან იწყება.
ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.
"მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.
Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო.
საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა.