გიორგი გაბუნიას გინება

"წამყვანი, რომელმაც პუტინი შეურაცხყო, რუსთავი 2-დან გაათავისუფლეს" - რუსული მედია გაბუნიაზე

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ გიორგი გაბუნია

რუსული მედია რუსთავი 2-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანის, გიორგი გაბუნიას, გათავისუფლებას აქტიურად გამოეხმაურა. 

გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედია აჭრელდა სათაურებით "წამყვანი, რომელმაც პუტინი შეურაცხყო, რუსთავი 2-დან გაათავისუფლეს". 

კრემლისტური მედია მთავარ აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებს, რომ გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა და არა იმაზე, თუ რა იყო წამყვანის გათავისუფლების გაცხადებული მიზეზი. 

РИА Новости-ის სათაური: რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა 

მოგვიანებით სააგენტომ კიდევ ერთი ნიუსი მიუძღვნა, სადაც რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის, შეფასებას გვთავაზობს. პოზნერი ამბობს, რომ რუსთავი -2ის ხელმძღვანელობის ადგილას, გაბუნიას მაშინვე გაათავისუფლებდა და არა 2 თვის შემდეგ. 

რა თქმა უნდა, ტრენდს არც Sputnik ჩამორჩა, რომელმაც ამბავს ასევე ორი ნიუსი მიუძღვნას. 

პირველის სათაური РИА Новости-ის იდენტურია: რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. 

მოგვიანებით კი გამოცემამ ჟურნალისტს ვრცელი სტატია მიუძღვნა შეგონებებითა და ანდაზებით, რომ "რაც არ გერგება, არ შეგერგება". სტატიაში გაბუნიას სათაურშივე მოიხსენიებენ "უზრდელ წამყვანად", რომელიც რუსთავი 2-მა გაათავისუფლა. 

Gazeta.ru-ს სათაური: რუსთავი 2-დან გათავისუფლებულია ჟურნალისტი გაბუნია, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. 

INTERFAX.RU-ს სათაური: პუტინისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ქართველი ჟურნალისტი რუსთავი 2-დან გათავისუფლებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სააგენტო ვრცლად ყვებოდა გაბუნიას ტელეკომპანიიდან გაშვების გაცხადებულ მიზეზს, მთავარი აქცენტი მაინც იმაზე იყო, რომ პუტინის გინებიდან 2 თვეში ტელეკომპანიამ გაბუნია გაათავისუფლა. რუსული ახალი ამბების სააგენტოებისთვის ეს ამბავი ღირებული იყო იმდენად, რამდენადაც ის გიორგი გაბუნიას - პუტინისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხება. ხოლო სხვა ყველაფერი - ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეცვლა, საინფორმაციოს ხელმძღვანელის, გასართობი გადაცემისა და სხვა პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანების გათავისუფლება მხოლოდ ამბის დამატებითი ნაწილია. 

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.

გარდა ამისა, იმავე ღამით ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მოიწონა. 

20 აგვისტოს რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

ამის შემდეგ რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, დატოვეს. მათ განცხადება 9-საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. არხს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს.

მოგვიანებით ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე იქნება. 

21 აგვისტოს არც დილის 9-საათიანი კურიერი გასულა, არც 12-საათიანი და არც 3-საათიანი. მათ ნაცვლად ეთერში სერიალები და რეკლამები გადიოდა. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები