Ryanair

ბახტაძე: მოქალაქეები პირადად მთხოვდნენ, Ryanair-ი გვეხილა საქართველოში, მივაღწიეთ ამ მიზანს

0 კომენტარი

"ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ "რაინეარი" გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულ დირექტორთან დევიდ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მინდა, ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში. "რაინეარი" არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და "რაინეარის", ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო "რაინეარს", მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Ryanair-ის კომერციული დირექტორის დევიდ ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა "გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში" დაარწმუნა.

"Ryanair-ის სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერმინისტრთან გავმართეთ შეხვედრა.

თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერმინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს თბილისიდან - კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დევიდ ო’ბრაიენმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი 2020 წლის ბოლომდე ჯამში 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს. თბილისი-მილანის, ქუთაისი-მარსელის და ქუთაისი-ბოლონიის ფრენებს ავიაკომპანია წლის ბოლომდე დაიწყებს. 2020 წლის პირველ ნახევარში თბილისის აეროპორტიდან შესრულდება ფრენები კიოლნის მიმართულებით. დანარჩენ მიმართულებებს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაკომპანია Ryanair-ი 2020 წლის დასაწყისში დააანონსებენ.

"პრირიტეტია, რომ იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც ფრენები არ ხორციელდება" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი ქუთაისი-ბოლონიის და თბილისი-მილანის რეისებს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს. ოფიციალურ საიტზე მილანის მიმართულებით პირველი ფრენის თარიღად 6 ნოემბერია მითითებული, მარსელის მიმართულებით - 7 ნოემბერი, ხოლო ბოლონიის მიმართულებით - 9 ნოემბერი.

რეისები თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება. ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით Ryanair-ი კვირაში ორჯერ იფრენს - 1 გზის ფასი 10 ევროდან იწყება. რაც შეეხება მარსელს, Ryanair-ი ქუთაისიდან კვირაში ორ რეისს შეასრულებს - 1 გზის ფასი 27 ევროდან იწყება.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები