არჩევნები 2020

ბოკერია: ოპოზიციაში განსხვავებებზე საუბარი ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ემსახურება

ოპოზიციის ტაქტიკის და მომავალი მთავრობის ფორმირების საკითხზე ტაბულა გიგა ბოკერიას ესაუბრა

ტაბულა: ევროპულ საქართველოს, ან მის ნაწილს მაინც, ნაციონალური მოძრაობა ხშირად ადანაშაულებს იმაში, რომ თქვენ ოპოზიციის ერთიანობას უშლით ხელს - თქვენი პოზიცია რომ განმარტოთ ამ ბრალდებასთან მიმართებით.

გიგა ბოკერია: ნაციონალური მოძრაობა კვლავინდებურად ეწევა ბინძურ კამპანიას - ერთი მხრივ, გვიკითხავენ მორალს ერთიანობაზე და მეორე მხრივ, განსხვავებების ხაზგასმას ბიძინა ივანიშვილის თამაშს უწოდებენ. 

ეს უკეთეს შემთხვევაში სიბრიყვეა. 

პრაგმატულად რომ შევხედოთ, ყოველგვარი დაკვირვების გარეშე ჩანს, რომ პოლიტიკური სპექტრის "მიშა - ბიძინა" ბრძოლამდე დაყვანა ივანიშვილის ინტერესშია. ის მუდამ ამას აკეთებს. ყველა კამპანიაში და კამპანიის მიღმაც.

ეს მას აწყობს, იმიტომ რომ საპროტესტო ელექტორატი მრავალფეროვანია და არ არსებობს ამ ეტაპზე ერთი ლიდერი, ან პარტია, რომელიც მთელი საპროტესტო ელექტორატის არჩევანი იქნებოდა.

ივანიშვილის დასამარცხებლად კი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რომ 2020 პროპორციულ არჩევნებზე ყველა შეხედულების ადამიანი გამოვიდეს და ივანიშვილის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მხოლოდ საპროტესტო ელექტრატის სრული მობილიზების პირობებში შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას.

ცალკე საკითხია ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულება - ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ძალიან დიდი მსოფლმხედველობრივი განსხვავებები მართლა არსებობს და ამომრჩეველმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. 

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ხელისუფლებამ საქმე ხომ უნდა აკეთოს, ქვეყანა ხომ უნდა მართოს? 

ამომრჩეველმა ხომ უნდა იცოდეს რა ხაზით წავალთ? 

  1. პოპულისტურით, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის სახელმძღვანელოს მიყვება - იქნება ეს გაუაზრებელი და არარეალისტური დაპირებები, ცილისწამება, მზადყოფნა, რომ ყველას შეეკრა, ყველანაირ მორალურ კომპრომისზე წახვიდე...
  2. თუ მკაფიოდ თავისუფალი ეკონომიკის, პერსონალური თავისუფლების და მყარი დასავლური კურსის გზით; წარსული ჩავარდნების რეალური და არა ამომრჩევლის თვალის ასახვევად გააზრების გზით.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ინტერესშია ამ განსხვავებებზე ხშირი საუბარი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ივანიშვილი ისედაც ყველა რესურსს იყენებს იმის წარმოსაჩენად, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველა ერთნაირია. ამას გარდა, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა არაერთ შეცცომას დაუშვებს მომავალშიც და ივანიშვილი შეეცდება ეს ყველაფერი ჩვენ შეგვაზილოს. 

თავისთავად, ერთიანობისკენ ლანძღვით და ცილისწამებით მოწოდებაც ხომ ძალიან ცინიკურია - ბიძინასთან გარიგებულები თუ ვართ, საერთოდ რა ერთიანობაზე გვესაუბრებიან.

სამწუხაროდ, ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს ნაციონალური მოძრაობიდან, არ ესმით, რომ არანორმალური არის ტალახის სროლა და უსაფუძვლო ცილისწამება, ივანიშვილის და ასავალ დასავალის სტილში, თორემ კამათი, თუნდაც მწვავე, ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ოპოზიციურ სპექტრში არათუ კარგი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ტაბულა: საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ვერც ერთი ძალა, ცალკე აღებული, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ასეთი განსხვავებების პირობებში, როგორ და ვისთან ერთად წარმოგიდგენიათ მთავრობის ფორმირება?

გიგა ბოკერია: ჩვენი პოზიცია მკაფიოა - ქართულ ოცნებასთან და/ან კრემლის სატელიტებთან მთავრობის ჩამოყალიბებას ევროპული საქართველო გამორიცხავს.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ძალა, რომელიც ივანიშვილთან კოალიციაზე მკაფიო უარს არ იტყვის, ქართველმა ხალხმა არ უნდა აირჩიოს. 

ჩვენი, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ამოცანაა, რომ ან ცალკე, ან სხვა პროდასავლურ ძალებთან ერთად დავდოთ კარგი შედეგი და ნაციონალურ მოძრაობას მოუწიოს ჩვენი მხარდაჭერა. 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მხარდაჭერას - ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის და პრორუსული ძალების სხვაგვარად ჩამოშორების შანსი არ იარსებებს. კარგი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობაც დადებს იგივე პირობას.

ტაბულა: ცოტა ხნის წინ, თქვენმა გენერალურმა მდივანმა ტვ პირველზე, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში თქვა, რომ მას უღირს ივანიშვილის დასამარცხებლად პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა, ისიც თქვა რომ ეს მისი პირადი პოზიციაა. რა გამოდის?  პარტიას არ აქვს ერთიანი პოზიცია კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობაზე?

გიგა ბოკერია: მე მგონი გაუგებრობას აქვს ადგილი. გიგი უგულავა გულისხმობდა, რომ პროდასავლური ოპოზიციის წარმატების და ივანიშვილის კრახის შემთხვევაში, ისინი ისედაც ჩამოიშლებიან.

ტაბულა: ჩავთვალოთ გაუგებრობად. უგულავამ დიანა ტრაპაიძესთან მოლდოვის მაგალითი მოიხმო თავისი პოზიციის გასამყარებლად. მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ახსენებს მოლდოვას.

გიგა ბოკერია: ზოგადად, პლაჰოტნიუკის ბედი საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ივანიშვილისთვის იმის გასააზრებლად, თუ როგორ ამთავრებენ ოლიგარქები. 

მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთის გავლენა მოლდოვაში ამის შედეგად თუ არ გაიზარდა, ნამდვილად არ შესუსტებულა. მეორე მოლდოველი ოლიგარქი, დოდონი, ვინც პლაჰოტნიუკი დაამარცხა  - პირდაპირ პუტინზეა მიბმული. 

საქართველოსთვის ეს სცენარი არის უკიდურესად სახიფათო. 

ივანიშვილის დამარცხების შედეგად, საქართველოში რუსული გავლენა უნდა შემცირდეს. 

კომენტარები