რუსთავი 2

კურიერის ჟურნალისტებმა რუსთავი 2 დატოვეს  

მაია ჯავახიშვილი

რუსთავი 2 კურიერის ჟურნალისტებმა დატოვეს. ნათია გოგსაძემ, თამარ ბაღაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, ნინო გაზდელიანმა და სხვებმა განცხადება რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს. 

"დიდი ნაწილი ამ აზრზეა. პრაქტიკულად ყველამ მიიღო ეს გადწყვეტილება. ხვდებით ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში ჩვენ ნამდვილად ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ აქ შექმნილი გვქონდა მართლა თავისუფლების სივრცე. 

მთელი დღის განმავლობაში კურიერი არ გადიოდა ეთერში. გუნდს შიგნით გვქონდა, რა თქმა უნდა, კონსულტაციები. ეს ყველას საერთო აზრია. 

პაატა სალიას ჩვენ ავუხსენით, რატომაც ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას. მას, რა თქმა უნდა, ჰქონდა შემოთავაზება, ჩვენ დავრჩენილიყავით არხზე. ისიც ალბათ თავის განმარტებას გააკეთებს, რა არგუმენტები ჰქონდა მას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გაგვრგრძელებინა მუშაობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო თვის განმავლობაში, 18 ივლისის შემდეგ რა რეალობაც შეიქმნა ამ არხზე და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით, გაგვეტანა ჩვენი სიმართლე და მართლა თავისუფლების კუნძულად დარჩენილიყო ეს არხი. სამწუხაროდ, ეს დასრულდა ისე, რომ ჩვენ აქ მუშაობის საშუალება აღარ გვაქვს და ჩვენ უნდა დავტოვოთ ეს არხი. ეს არის ყველასთვის მძიმე გადაწყვტილება, ყველა ჩვენგანისთვის, ხვდებით ალბათ, რომ ძალიან გვიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა", - თქვა თამარ ბაღაშვილმა. 

"ვინც მივა და ჩემი სამუშაო მაგიდა დახვდება, დახვდება ბევრი ჩემი ნივთი: კასეტები, ჩიპები, რვეულები, ჩანაწერები, მათ შორის ჩემი ლექსები. ერთადერთი ნივთი წამოვიღე, ჩემი შვილის ნაჩუქარი ქვიშის საათიa, რომელსაც სწორედ იმიტომ არ ვიცნობ, რომ ჩემს მეგობარ რუსთავი 2-ს შევწირე 13 წელი და არა ჩემს შვილებს. ძლიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ არსებოობს რაღაც მორალური ზღვარი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც სუნი აქვს, არც გემო აქვს. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ რამდენიმე საათში. თქვენ ხედავდით, რომ მრავალი საათის განმავლობაში ბოლთას ვცემდით, გავდი-გამოვდიოდით, იმიტომ რომ გვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება", - თქვა დავით ქაშიაშვილმა. 

დღეს, 21 აგვისტოს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" დღეს, 21 აგვისტოს ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა.  ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

მას შემდეგ, რაც გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს. 

კომენტარები