რუსთავი 2

რუსთავი 2-ზე 9-საათიანი კურიერის ნაცვლად ფილმი Foxcatcher გადის

რუსთავი 2-ზე 9-საათიანი კურიერის ნაცვლად ფილმი Foxcatcher გადის. 

Foxcatcher (მელიებზე მონადირე) 2014 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც მოჭიდავისა და მისი მწვრთნელის ტრაგიკულ ისტორიას ეხება - მდიდარი ადამიანი 2 მოჭიდავე ძმას ქირაობს, ერთ-ერთი მათგანის გაკონტროლებას და დამორჩილებას ცდილობს, საბოლოოდ კი მკვლელობით ასრულებს. 

ოლიმპიური მოჭიდავე ძმები ერთმანეთთან ძალიან მეგობრობენ, რასაც საფუძვლად ბავშვობის ტრავმა უდევს. მათ ერთმანეთი აღზარდეს. ფილმის დასაწყისში ერთ-ერთი ძმა, მარკი თავისი ძმის, დეივის ჩრდილშია. ორივე მათგანს აქვს მოგებული ოლიმპიური მედალი, მაგრამ დეივის კარიერა უკეთესია, მეტად ფუნქციურია. ის მწვრთნელია და ოჯახიც ყავს. მარკი კი მარტოხელაა, არც მეგობარი ყავს და დროს უმეტესად მარტო ატარებს. მილიარდერი ჯონ დუპონი მარკს ფოქსქეჩერში, თავისი ცხენების ფერმაში მოსვლას და მსოფლიო დონის საწვრთნელი ცენტრის შექმნას სთხოვს, რომელიც გუნდს 1988 წლის სეულის ოლიმპიადისთვის მოამზადებს. მარკი დათანხმდება. 

ერთობლივი თანამშრომლობის დროსს ჯონ დიუპონი სწორედ მასზე დომინირებას მოინდომებს, წინააღმდეეგობას აწყდება, თუმცა, მარკის ფოქსქეჩერში შენარჩუნებას ყველანირი გზით ცდილობს.  

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და არა მხოლოდ მათ სხვადასხვა დროს ჯონ დიუპონი ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ შეადარეს.

რუსთავი 2-ზე 9 საათიანი კურიერის ნაცვლად ფილმი იმიტომ გადის, რომ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების უმეტესმა ნაწილმა არხი დატოვა. 21 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში კურიერი ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე განთავსებულა, საღამოს კი მათ წასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება. 

მას შემდეგ, რაც გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს

კომენტარები