საქართველო-აშშ

აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე საქართველოსა და მისი ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და აშშ-ის პოზიცია გამოხატა. 

ორგატუსმა თქვა: 

"შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთს მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. 

ბორდერიზაციის პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, აშორებს მათ საკუთარ ნაკვეთებს, ოჯახებს, შემოსავლის წყაროს და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.

ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად".

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

 

კომენტარები