ბრექსითი

მერკელი ჯონსონს ბრექსითზე: იქნებ, გამოსავალი 30 დღეში იპოვოთ?

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელი ფოტო: Sky news

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯოსონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი განიხილა. მერკელმა მას შესთავაზა ახალი გეგმა 30 დღეში ჩამოაყალიბოს.

მერკელის თქმით გამოსავლის პოვნა კანცლერის მოვალეობა არაა და ე.წ. ბექსტოპის ალტერნატივა ჯონსონმა უნდა მოიფიქროს.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მომდევნო 2 წლის განმავლობაში, მაგრამ, იქნებ, თქვენ ეს გამოსავალი 30 დღეში იპოვოთ? რატომაც არა? და შემდეგ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ." თქვა მერკელმა.

ჯონსონმა მერკელის გამოწვევას მისივე კამპანიის სლოგანით უპასუხა "ჩვენ ეს შეგვიძლია" - თქვა მან.

გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრექსითის გეგმა ბრიტანეთის და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს უნდა მოიცავდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია ერთიანია და მათ მიაჩნიათ, რომ უმჯობესია ბრექსითი არ მოხდეს.

პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ ეს ჯონსონის პირველი უცხოური ვიზიტია. ამის შემდეგ ის პარიზში ჩავა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება და მასთანაც ბრექსითის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს მიმართა და თქვა, რომ ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად შემუშავებული მექანიზმი, ე.წ. "ბექსტოპი" ბრექსითის შეთანხმებიდან უნდა გამოირიცხოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯონსონის თქმით, შეთანხმება ვერ შედგება და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერ დატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

"ბექსტოპის" საკითხი ტერეზა მეის შეთანხმების მთავარ წინააღმდეგობად იქცა, რის შედეგადაც პარლამენტმა მის მიერ შეთავაზებული გეგმა სამჯერ ჩააგდო და, საბოლოოდ, მეიმ პოსტი დატოვა.

ჯონსონს მიაჩნია, რომ მისი მუქარა შეთანხმების გარეშე გასვლის თაობაზე ევროკავშირის სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და საფრანგეთს ხელახალი მოლაპარაკებების წარმოების აუცილებლობაში დაარწმუნებს.

ევროკავშირში ბორის ჯონსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ. ბრექსითის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ თქვა, რომ შეთანხმებიდან ე.წ. "ბექსტოპის" ამოღება მიუღებელია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ჯონსონთან სატელეფონო საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც. მან თქვა, რომ არებული შეთანხმება საუკეთესო შესაძლო ვარიანტია.

გარდა ამისა, ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისთვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები