ავთანდილ წერეთლის საქმე

ვატო წერეთელი: ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ?! ტვ პირველს ვერ წაიღებთ!

ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი მისი მამისთვის ავთანდილ წერეთლისათვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! ტვ პირველს ვერ წაიღებთ!" - წერს წერეთელი. მისივე თქმით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ არის ამჯერად და 29 აგვისტოს, დაბრუნებისთანავე მივა პროკურატურაში. 

"მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში. 

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს. ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურ," - წერს ვატო წერეთელი. 

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი დღეს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყებაში ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ამავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას"- თქვა დაკითხვის შემდეგ ვატო წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები