ავთანდილ წერეთლის ბრალი

ვოლსკი: ტელევიზიის ფლობა იმის გარანტი არაა, რომ საგამოძიებო ორგანომ კითხვები არ დასვას

ტაბულა

ტელევიზიის ფლობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, არ არის იმის გარანტი, რომ ასეთ საკითხებზე შეკითხვები არ ისმეოდეს საგამომძიბელო სტრუქტურების მიერ- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, ასეთი კომბინაციის თაობაზე პროკურატურამ საქმე რომ არ აღძრას, იქნება არასწორი და არაობიექტური.

"ტვ პირველის დამფუძნებელი, ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო იმაზე პასუხს, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში. ისე რომ ისესხე, არ მომსახურებიხარ ამ სესხს და პირად ანგარიშებზე გადარიცხე და ობშორული ზონაც ჩართულია აი ამ კომბინაციაში. მე მიკვირს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს კითხვა რატომ არ დასვეს თავის დროზე თუ რასთან გვქონდა საქმე. ასეთი კომბინაციის თობაზე პროკურატურამ საქმე რომ არ აღძრას, იქნება არასწორი და არაობიექტური"- ამბობს გია ვოლსკი. 

დღეს, 22 აგვისტოს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტვ პირველის დამფუძნებლის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყებაში ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ამავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას"- თქვა დაკითხვის შემდეგ ვატო წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები