რუსული ოკუპაცია

გუგუტიანთკარის მცხოვრები: პრემიერს ვეტყოდი, რომ თქვენ თქვენთვის ხართ და ხალხისთვის არა

პირველი არხი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლები ადგილზე პრემიერის ჩასვლას ითხოვენ.

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი დღეს შეჩერებულია. ამ დროისთვის მწვანე ღობე სარწყავი წყლის არხამდეა გავლებული.

პირველი არხის ჟურნალისტთან გუგუტიანთკარის მცხოვრებმა, იზო ოქროპირიძემ თქვა, რომ პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მხოლოდ ერთ ოჯახში იმყოფებოდა და მათი პრობლემები არ მოუსმენია.

"ჯერ ხომ გაჭირვებაა, მერე გვეშინიან, იქიდან რომ გვიქცერიან, ზემოდან. არც არავინ მოსულა და უკითხავს, ჩვენ რა დღეში ვართ, რა მდგომარეობა გვაქვს. პრემიერი იყო მოსული, ერთ ოჯახში მივიდა და წავიდა. არავის უნახავს სხვას. პრემიერი რომ შემხვედროდა, მე ვეტყოდი, რომ თქვენ თქვენთვის ხართ და ხალხისთვის არა".

მამუკა ბახტაძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გუგუტიანთკარში 20-21 აგვისტოს ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ და აქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრნენ. ასევე, შევხვდნენ ოკუპანტების მიერ გატაცებულ და 20 აგვისტოს გათავისუფლებულ 8 მოქალაქეს. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში დოღს და მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".

21 აგვისტოს მამუკა ბახტაძე ბათუმში ჩავიდა, კაფე "რვაფეხას" გახსნაზე.

კომენტარები