თიბისი ბანკის საქმე

მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში

TBC ჯგუფის სამეთვალყუერო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
youtube.com EY Global

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს გენერალურ პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის თქმით, ბრალში TV პირველის მფლობელის მამის ავთო წერეთლის სახელი დაემატა.

უწყების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემაც ისაუბრა.

"მთელი ჩემი და ბადრის ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი პარტნიორები ადგილობრივი თუ საერთაშორისო და შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს რომ ჩვენ გვეშინია რამის, ან ყადაღის დადების გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.

მე მინდა მივმართო ოცნების ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომლებმაც თავისი განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი წელი, შეიძლება მეტიც დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ჰქონდათ იმედი, რომ თავის ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ მაშინ, იმიტომ რომ გვეგონა ეს ის ნაწილი იყო ამ პარტიის თუ მოძრაობის, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა, მე მინდა მათ ვკითხო - ეს სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ? ესეთი მართლმსაჯულება მოგწონთ თქვენ, რაც ახლა ხდება? შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსნებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები