ტვ პირველის საქმე

ცქიტიშვილი წერეთელზე: ტელევიზიის ფლობა არ არის ინდულგენცია

დიმიტრი ცქიტიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ ბრალის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია არ არის. 

ამის შესახებ დეპუტატი ცქიტიშვილი ტვ პირველს ესაუბრა.

"მე არ წარმომიდგენია, რომ მაინცდამაინც ტელევიზიის ფლობა არის ინდულგენცია რაღაც საკითხებთან მიმართებით. თუ არის ეჭვები, პროკურატურა ვალდებულია, იმოქმედოს. თუ ვინმეს ტელევიზია აქვს, ვერ გამოიყენებს ტელევიზიას ისე, რომ მაგ ტელევიზიის გამო იქნეს აცილებული ეჭვები. თუ იქნება ეჭვები, პროკურატურამ უნდა იმოქმედოს და სასამართლო დაადგენს ბრალეულობას. მფლობელი მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დახურონ,"- ამბობს ცქიტიშვილი. 

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". 

ამავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა.

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას"- თქვა დაკითხვის შემდეგ ვატო წერეთელმა. 

ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ კი ვატო წერეთელმა დაწერა, რომ მისთვის "ყველაზე ძვირფასი ადამიანით მანიპულირებენ" და რომ "ტვ პირველს ვერ წაიღებენ". 

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები