ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში

მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარზე: ჩვენი სახლი იწვის, ეს საერთაშორისო კრიზისია

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარს გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია და დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს მოუწოდა საკითხი განიხილონ.

"ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენი ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს და ახლა იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია."

აღსანიშნავია, რომ მაკრონის მიერ გავრცელებულ სურათზე ამაზონის ჯუნგლების ხანძარია ასახული, თუმცა 2018 წლის. მსგავსი შეცდომა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომაც დაუშვა.

მაკრონის მოწოდებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტი სენსაციონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ხანძარს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

"დასანანია, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ბრაზილიის შიდა საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად აქციოს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, განიხილონ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე ამ რეგიონის ქვეყნების გარეშე კოლონიური აზროვნების გადმონაშთია ოცდამეერთე საუკუნეში." დაწერა მან ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. სურათებში ჩანს, რომ რორაიმას შტატს სქელი კვამლი ფარავს, ხოლო მეზობლად ამაზონის შტატში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი ქარის გამო კვამლმა ქალაქ სან-პაულუმდე მიაღწია. ხანძრის კერა ქალაქიდან 2,700 კილომეტრის დაშორებითაა.

ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოში ამბობენ, რომ მათმა სატელიტებმა აჩვენა, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ითაა გაზრდილი. სააგენტომ 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე ტყის 72,000 ხანძარი დააფიქსირა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ დეფორესტაციის მონაცემებზე უთანხოების გამო კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს დირექტორი დაითხოვა. ბოლსონარომ ის მთავრობისათვის ძირის გამოთხრის მიზნით დეფორესტაციის მაჩვენებლის გაზრდაში დაადანაშაულა. სააგენტოს მაჩვენებლებით დეფორესტაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 88%-ით იყო გაზრდილი.

ბრაზილიაში მშრალ სეზონზე ტყის ხანძრები ხშირია. ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს განზრახ აჩენენ, რათა შემდგომ ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოიყენონ.

პრეზიდენტმა ბოლსონარომ თქვა, რომ ახლა ის სეზონია, როდესაც ფერმერები მიწის მოსაწმენდად მას ცეცხლს უკიდებენ, ამიტომ მონაცემები საგანგაშო არაა, თუმცა კოსმოსის კვლევის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ხანძრების რიცხვი სეზონისათვის ჩვეულ მაჩვენებელს აღემატება. ბოლსონაროს კრიტიკოსები ტყის ხანძრების რიცხვის ზრდას ბოლსონაროს პოლიტიკას უკავშირებენ, რომლის შედეგადაც, მათი თქმით ამაზონის ჯუნგლების უფრო სწრაფი ტემპით იჩეხება. მსგავსი პოზიცია აქვს ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ამაზონის პროგრამის დირექტორ რიკარდო მელოს. ის ხანძრებს დეფორესტაციას უკავშირებს.

"ჯერ კაპიტან ხერხს მეძახდნენ, ახლა ნერონი გავხდი, რომელმაც ამაზონს ცეცხლი წაუკიდა." ასე გამოეხმაურა ბოლსონარო ბრალდებებს.

NASA-ს მონაცემებით კი საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.

ბოლსონარომ თქვა, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლებში ცეცხლს არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენდნენ, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით ამგვარად NGO-ებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.

"ყველაფერი ამისაკენ მიუთითებს...დანაშაული სახეზეა. ამ ხალხს ფული მოაკლდა." თქვა მან, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა ამის მტკიცებულება ბოლსონარომ თქვა, რომ "დაწერილი გეგმა" არ არსებობს და "ეს ასე არ ხდება".

ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს. ბოლსონარომ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებაც და თქვა, რომ შეთანხმება რომ კარგი ყოფილიყო აშშ მას არ დატოვებდა. მიუხედავად ამისა ბოლსონარო ამბობს, რომ ამ დროისათვის ბრაზილია შეთანხმებაში დარჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები