გირჩი

ჯაფარიძე მთავრობას კანაბიდიოლის შემცველი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას სთხოვს

https://www.facebook.com/japaridzez/

ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანაბიდიოლის (CBD) შემცველი პროდუქციის იმპორტის, მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას სთხოვს.

„გირჩის“ ლიდერმა პრემიერმინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღეს ამ მოთხოვნით ოფიციალური წერილები გაუგზავნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯაფარიძეს კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები პირადი მოხმარებისთვის სჭირდება, სამომავლოდ კი ამ პროდუქციის მიზნით იმპორტსაც გეგმავს.

„კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები მზადდება მცენარე კანაფისგან, რომლის კულტივაციაც ჯერ კიდევ აკრძალულია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მცენარე კანაფის მოხმარება ლეგალურია ერთ წელზე მეტია.

კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (მაგალითად ტეტრაჰიდროკანაბინოლის THC) ან რამე სხვა ნივთიერებას, რომელიც ნარკოტიკულ სუბსტანციად შეიძლება ჩაითვალოს, კანაბიდიოლის შემცველი პროდუქტები გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. სხვადასხვა გათვით, კანაბიდიოლის ლეგალური მსოფლიო ბაზარი 2 წელიწადში 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

მიუხედავად ამისა, ქართული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, ვერ გავარკვიე მაქვს თუ არა უფლება, შემოვიტანო, მოვიხმარო და/ან გავყიდო ზემოთაღნიშნული პროდუქტები.

შესაბამისად, მოგმართავთ ყველა სამთავრობო უწყებას:

გთხოვთ უმოკლეს ვადებში შემატყობინოთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომელ რეგულაციებს ექვემდებარება კანაბიდიოლის შემცველი პროდუქციის იმპორტი, მოხმარება და რეალიზაცია” - ნათქვამია ჯაფარიძის წერილში.

კომენტარები