პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგიდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო", გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა და ადგილზე მიავლინა საგამოძიებო ჯგუფი, გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები, განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი. გამოძიების თქმით, საქმის შესწავლის შემდეგ გამოძიებამ დანაშაული ვერ დაადგინა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა, რომ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას. გამოძიების ფარგლებში მრავალი მოწმისგან მიღებული ჩვენებით და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არ დადასტურდა ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დევნა, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა და ის ფაქტი, თითქოს სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. ამასთან, ასევე არ დადასტურდა რაიმე სახის კავშირი ია კერზაიას გარდაცვალებასა და ჩატარებულ ინსპექტირებას შორის. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე საქმეზე შეწყდა გამოძიება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება გარდაცვლილი ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. შენგელია ამბობდა, რომ დედამისი განათლების სამინისტროში დაგეგმილ მკვლელობას ემსხვერპლა. მისი თქმით, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მის მიმართ განხორციელებულმა შერჩევითმა პოლიტიკურმა დევნამ გამოიწვია.

კომენტარები