პოლიტიკა

ოთო კახიძე ინაშვილთან შესაძლო ალიანსზე: მოწყვეტილია ქართულ რეალობას

0 კომენტარი
ფოტო: ევროპული საქართველო

საპარლამენტო უმცირების წევრი ევროპული საქართველოდან, ოთო კახიძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსთან და სხვა პრორუსულ ძალებთან შესაძლო ალიანსის თემას ეხმაურება.

საკუთარ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში კახიძე აღნიშნავს, რომ პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილის სატელიტი პარტიაა და 2020 წლის არჩევნებზე მათთან კავშირს საქართველოს რეალობიდან მოწყვეტილს უწოდებს.

აღნიშნული პოსტით კახიძე რამდენიმე დღის წინ, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას კომენტარს გამოეხმაურა. TV პირველში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში სტუმრობისას, უგულავამ განაცხადა, რომ თუ პროდასავლურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შესაცვლელად პრორუსული პარტიების მხარდაჭერა დაჭირდენა, ამაზე უარი არ უნდა თქვან. 

გიგი უგულავამ ასეთი თანამშრომლობის მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მოლდოვაში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები მოიყვანა და განაცხადა, რომ მოლდავეთში პრორუსული და პროევროპული პარტიების გაერთიანებით, დამარცხდა ოლიგარქიული მმართველობა.

კახიძე თავის სტატუსში ამ თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლდოვის მაგალითი საქართველოს არ გამოადგება, რადგანაც მომხდარი ცვლილებების შედეგად მოლდოვაში პრორუსული პარტიების გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.

გთავაზობთ ოთო კახიძის პოსტს უცვლელად:

"ე.წ. პატრიოტთა ალიანსთან (ე.წ. რადგან ისინი პატრიოტები არ არიან, პირიქით) შესაძლო კოალიციის თაობაზე:

ე.წ. პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ, ლადო ბედუკაძესთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს ქართული ოცნების გამარჯვებაში 2012 წელს, როდესაც ივანიშვილს მოუმზადეს და მიუტანეს ციხის კადრები, დადგმული+რეალური.

ივანიშვილმა მალევე პუტინისტები პოლიტიკაში მოიპატიჟა, გაუხსნა მათ კარი, ასევე ფინანსური წყაროები, და უკვე წლებია, რაც პირდაპირ სუსზე ჰყავს მიბმული.

2016 წლის არჩევნებზე პუტინისტურმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ ივანიშვილმა უბნების გაუქმებით იმანიპულირა და მისი სატელიტები პარლამენტში შემოიყვანა.

ეს ორგანიზაცია დაუფარავად ეწევა რუსულ პროპაგანდას, ავრცელებს ანტინატო, ანტითურქულ, ანტიაზერბაიჯანულ, ანტიდასავლურ გზავნილებს, დადის მოსკოვში და ღიად მუშაობს რუსებზე, პარალელურად, რასაკვირველია, ბიძინაზე.

ისინი თან ცდილობენ, რომ ოპოზიციად წარმოაჩინონ თავი, თუმცა ივანიშვილს მხოლოდ ორი რამის გამო აკრიტიკებენ: 
1. რატომ არ ზის ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ციხეში;
2.რატომ არ დააბნელეს ქოცებმა ქვეყანა კიდევ უფრო მეტად.

სხვა საკითხებზე სრულ უნისონში არიან, გავრილოვის პარლამენტში შემოთრევის ჩათვლით, ბუნებრივია.

პატრიოტთა ალიანსის, როგორც ივანიშვილის სატელიტი პარტიის სრული ლუსტრაცია მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როცა ისინი მთავრობის კანდიდატის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, ხელისუფლებისვე ორგანიზებულ მიტინგზე.

მას შემდეგ წარუმატებლად ცდილობენ სახელისუფლო პარტიის უკვე წარუშლელი იარლიყის მოშორებას.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პროდასავლურმა ძალებმა თუ არ მოვაგროვეთ 50%-ზე მეტი, ივანიშვილი და მისი სატელიტი პრორუსები შექმნიან მთავრობას.

მოკლედ რომ ვთქვა, ივანიშვილის სატელიტები აუცილებლად იქნებიან ივანიშვილთან და ამის საწინააღმდეგო დაშვება:

ა) მოწყვეტილია ქართულ რეალობას;
ბ) ინაშვილის პარტიას წარმოაჩენს ივანიშვილისგან დამოუკიდებელ ოპოზიციურ ძალად.

--------------------

ჩემი პროგნოზით, ოლიგარქის დამარცხებას გარდაუვლად მოჰყვება უიდეო ქართული ოცნების სრული რღვევა, შედეგად, პროდასავლური კოალიცია უფრო გამყარდება, ხოლო ე.წ. პატრიოტთა ალიანსი და დღევანდელი ხელისუფლების სხვა სატელიტი ჯგუფები ბოლომდე ჩამოიშლებიან, რითიც რუსული გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდება ჩვენ ქვეყანაში.

ამისთვის უნდა ვიმუშაოთ.

მოლდოვის მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება, რადგან იქ ოლიგარქი დოდონის პრორუსული პარტიის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, ისინი პოლიტიკურ ველზე ძლიერი მოთამაშეები არიან, არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდნენ და მათი ხელით რუსებმა “ბალანსირების პოლიტიკის” მიმდევარი ოლიგარქი დასაჯეს. პროდასავლური მთავრობა კი სულ პრორუსი პარტნიორების ნებაზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოლდოვის მაგალითი სრულიად არარელევანტურია ქართული რეალობისთვის.

ეს ჩემი აზრია, რაც შეეხება ევროპული საქართველოს ხედვას შესაძლო კოალიციებისა და ზოგადი პოზიციონირების თაობაზე - მას უახლოეს მომავალში განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური საბჭო."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები