ევროპული საქართველო ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ევროპული საქართველო განსაზღვრავს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას - განაცხადა ბფირინგზე ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა.

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა - სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. 

მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ევროპული საქართველო განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას" - განაცხადა სერგო რატიანმა.
 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგიდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, დანაშაულის არ არსებობის გამო გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოძიება გარდაცვლილი ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. შენგელია ამბობდა, რომ დედამისი განათლების სამინისტროში დაგეგმილ მკვლელობას ემსხვერპლა. შენგელიას თქმით, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მის მიმართ განხორციელბულმა შერჩევითმა პოლიტიკურმა დევნამ გამოიწვია.

კომენტარები