ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

REUTERS

24 აგვისტოს ჰონგ-კონგის პოლიციამ მთავრობის საწინააღმდეგო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შაბათის აქციაზე მომიტინგეები სათვალთვალო კამერების ე.წ. ჭკვიანი ნათურების ინსტალაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

აქციის დაწყებამდე ჰონგ-კონგში 4 მატარებლის სადგური დახურეს. 2 დღის წინ ჩინეთის სახელმწიფო მედიაში ჰონგ-კონგის სატრანზიტო ფირმა ანტისამთავრებო აქციების დახმარებაში დაადანაშაულეს.

Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მაშინ გაუშვა, როდესაც ზოგიერთი მომიტინგე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილსა და აგურებს ისროდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთერთ მომიტინგეს წიწაკის ბურთულის ან რეზინის ტყვია მოხვდა თვალში. გასულ დღეებში პოლიციის მიერ ნასროლი მსგავსი ტყვიისგან ერთმა მომიტინგემ მხედველობა დაკარგა.

მომიტინგეთა ნაწილმა მოანგრია ე.წ. ჭკვიანი ნათურა, რომელზეც სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული. 

"მომეცი დემოკრატია ან მომკალი" - მომიტინგეებმა აღნიშნული ფრაზა კედელზე დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში პეკინში 1989 წლის თიანანმენის პროდემოკრატიული აქციების დროს მომიტინგეები ამ სლოგანს ხშირად იყენებდნენ.

მაღალჩინოსნების თქმით, ჭკვიანი კამერები ჰაერის ხარისხის გასაზომად დააყენეს, თუმცა მომიტინგეები შიშობენ, რომ მთავრობას ჩინეთში არსებული სათვალთვალო, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის განვითარება სურს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახისამომცნობი კამერებითა და ხელოვნური ინტელექტით ჩინეთის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ემოციებს კითხულობს, მათი საქციელის მიხედვით "აფასებს", ქულებს უწერს და მათი ცხოვრების თითქმის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და მასზე გავლენას ახდენს.

ჰონგ-კონგში წინა დღის აქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა. "ბალტიის გზიდან" ზუსტად 30 წლის თავზე ათასობით ჰონგკონგელმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.

უკვე მე-12 კვირაა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას. აქციების მიმდინარეობისას მომიტინგეებმა საბოლოოდ 5 მთავარი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. გასულ დღეებში ჰონგ-კოგთან ჩინეთის უამარავი სახმედრო ძალა შენიშნეს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები