რუსული ოკუპაცია

ზურაბიშვილი გუგუტიანთკარში ჩასვლაზე: პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს სხვის პროვოკაციებზე

პრეზიდენტის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე.  

ზურაბიშვილმა გაცხადება სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში გააკეთა, სადაც საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მან საოკუპაციო ხაზთან ჩასვლის საკითხზე პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების ჭრილში ისაუბრა, რომელიც, ზურაბიშვილის თქმით, "ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ". 

"დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი - დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულა, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კი იქ 20-21 აგვისტოს ღამით, მედიის გარეშე ჩავიდნენ და მხოლოდ 1 ოჯახს შეხვდნენ, ასევე, მოინახულეს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული მოქალაქეები, თუმცა, მათთან შეხვედრას გუგუტიანთკარის სხვა მცხოვრებლებიც ითხოვდნენ. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, შემდეგ კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს და დოღს დაესწრო. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს მან თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტდა, გაგვაფრთხილებდა". 

კომენტარები