ზურაბიშვილი: ვერ გავამართლებ, ვინც პოლიციაზე ძალადობით ინსტიტუტებს საფრთხის ქვეშ აყენებდა

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის შესახებ თქვა, რომ მას გული შესტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ, "თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა". 

ეს მან პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების კონტექსტში თქვა ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 

"აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავისზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მით უმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია", - თქვა ზურაბიშვილმა. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაარბია.

ჯამში, დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ერთის ნაცვლად, რეზინის რამდენიმე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სისხლისსამართლებრივი დევნა აქციის მონაწილეების, 17 ადამიანის მიმართ დაიწყო. 

კომენტარები