საქართველოს კონსტიტუცია

თალაკვაძე: კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი სავიზიტო ბარათია მსოფლიოში

პრეზიდენტის პრესსამსახური

არჩილ თალაკვაძის თქმით, კონსტიტუციის ახალი, 2017 წელს მიღებული რედაქცია არის საქართველოს სავიზიტო ბარათი ცივილიზებულ მსოფლიოში. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას თქვა ღონისძიებაზე, რომელიც კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა. 

საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ კონსტიტუციის დღეს, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას უკავშირდება. ჩვენ გვეამაყება, რომ 1921 წელს, დამფუძნებელთა კრებამ დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც პროგრესულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდა.

გვეამაყება, რომ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა ასევე, შეძლო ისტორიული მისიის შესრულება, წარმატებით განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია - დახვეწილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მტკიცე საფუძველს. მადლობას გიხდით ყველას, თქვენი წვლილისთვის; მადლობას ვუხდი პარლამენტის წინა თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში.

ის აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით. შემოაქვს პოლიტიკური ბალანსი, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, არჩევნების პროპორციული სისტემა და ოპოზიციის გაფართოებული უფლებები. რაც მთავარია, აღიარებს რა თავისუფალ ადამიანს უზენაეს ღირებულებად, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის.

სიმბოლურია, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ, რადგან კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ურთიერთობის გარანტიაა. კონსტიტუციით ჩვენ ვუკავშირდებით სახელმწიფოს და სახელმწიფო გვიკავშირდება ჩვენ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება.

მე მჯერა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების კვალდაკვალ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მომავალში დავიწყებთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს!", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

_________________________________________________________________________________

საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა, ძალაში კი 2018 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ შევიდა, რაც საქართველს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. 

კონსტიტუციის ეს რედაქცია მხოლოდ მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიერ არის მხარდაჭერილი. 

ცვლილებებს შორის არის: 

უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი. 2024 წლიდან მას არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიაში შევა საქართველოს პარლამენტის 150-ვე წევრი, ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების მიერ აირჩევიან. შემადგენლობას ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს 

კიდევ უფრო იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები - მას ჩამოერთვა პარლამენტისთვის სასამართლოების თავმჯდომარეების წარდგენის უფლებამოსილება. გაუქმდა პრეზიდენტის უშიშროების ეროვნული საბჭო. 

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის არჩევნების თარიღს პარლამენტი დანიშნავს. 

უნდობლობის პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით კი ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა არ მოხდება. პრეზიდენტი ვეტოს ვეღარ დაადებს პარლამენტის მიერ პრემიერის მისთვის წარმოდგენილ ახალ კანდიდატურას. 

თავდაცვის ძალები ჩვეულებრივ, არასაომარ ვითარებაში არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის მინისტრის, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობის ან ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს - პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ. 

იცვლება პარლამენტის არჩევის წესი - უქმდება მაჟორიტარული სისტემა და ის მთლიანად პირდაპირპროპორციული ხდება. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. 2020 წლისთვის, გამონაკლისის სახით, არჩევნები 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 

საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან. თუმცა, პირველად განმწესების შემთხვევაში, მოსამართლეები დაინიშნებია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. 

კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის საკითხი და იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება - კონსტიტუციაში წერია, რომ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში", გამონაკლისი შემთხვევები კი ორგანული კანონით დარეგულირდება. 

შეიცვალა ქორწინების განსაზღვრება - ამიერიდან ქორწინება არა მეუღლეთა უფლებრივთანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, არამედ არის "ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით".

კომენტარები