გაერთიანებული სამეფო - ირანი

გაერთიანებული სამეფო სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ხომალდს აგზავნის

REUTERS

24 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უელსმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო სპარსეთის ყურეში გადაადგილების თავისუფლების დასაცავად კიდევ ერთ ხომალდს აგზავნიდა.

"მსოფლიოში სადაც არ უნდა ფრიალებდეს წითელი დროშა, გაერთიანებული სამეფო გადაადგილების თავისუფლებას ყველგან დაიცავს, სადაც მას გამოცდიან," - განაცხადა ბენ უელსმა.

ხომალდმა HMS Duncan ბრიტანეთი 12 აგვისტოს დატოვა, HMS Kent-თან ერთად, რომელიც სპარსეთის ყურის მიმართულებით HMS Duncan-ის ჩასანაცვლებლად მიდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს სათევზაო გემთან შეჯახების ბრალდებით ჰორმუზის სრუტეში დააკავეს ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი. მიუხედავად იმისა, რომ ტანკერს ბრიტანეთის ფლოტის გემი იცავდა, დაკავების მომენტში ის ტანკერიდან ერთი საათის სავალ გზაზე იმყოფებოდა.

ირანის მიერ ტანკერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ირანული ტანკერი გიბრალტარმა დიდი ბრიტანეთის ძალების დახმარებით 4 ივლისს დააკავა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის სირიისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ტანკერს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი გადაჰქონდა. აშშ-ის მიერ გამოცემული დაკავების ორდერის მიუხედავად გიბრალტარმა ირანული ნავთობტანკერი გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებსაც პოლიტიკური ნება აქვთ და გეგმას მხარს უჭერენ.

5 აგვისტოს გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას შეუერთდა, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

კომენტარები