ე.წ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

კონსტანტინიდი: ეთნიკური წმენდის ფონზე აფხაზეთის "არჩევნებს" ლეგიტიმაცია ვერ ექნება

0 კომენტარი
ფოტო: apsnypress

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, აფხაზეთის ე.წ არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. 

"იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად და ისინი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ, ბუნებრივია, ამ „არჩევნებს“ ვერანაირი ლეგიტიმაცია ვერ ექნება და სამართლებრივ შედეგებზეც ვერ ვისაუბრებთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალა ადგილზე ახორციელებს კონტროლს და ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ამ უკანონობის ფონზე, ამ "არჩევნებს" ვერანაირი შედეგი ვერ ექნება, მიუხედავად ზატულინის განცხადებისა", - თქვა კონსტანტინიდმა

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მოლოდინი, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზული განცხადებები გაკეთდება". 

"საგარეო უწყებას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხები და პრევენციულ რეჟიმშიც სვამს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რაზეც გვაქვს მოლოდინი, რომ სერიოზული განცხადებები გაკეთდება. იცით, საერთაშორისო მიდგომა იქ მიმდინარე უკანონობაზე, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი ივლისში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ცხინვალის რეგიონში, რაც თანამეგობრობამ ერთხმად დაგმო და არალეგიტიმურად ცნო ეს ე.წ. არჩევნები". 

25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა, სავარაუდოდ, უკანონო არჩევნებში ისევ მან გაიმარჯვა. 

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი იმავე ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ერთად. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღევანდელი ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული". 

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები