ე.წ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

კონსტანტინიდი: რუსეთი ე.წ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის სატელიტებს დამკვირვებლებად ასაღებს

apsnypress

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, უწყებას აქვს ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს და ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება, თუმცა, მისი თქმით, ეს ადამიანი არ არის დამკვირვებელი აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში. 

"ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია აფხაზურ პრესაში, რომ ელოდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს. მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო ძალა და საოკუპაციო რეჟიმები ცდილობენ, კერძო პირების, გავლენის აგენტების, სატელიტების, მათთან აფილირებული ადამიანების ჩაყვანას ოკუპირებულ რეგიონებში და მათი საერთაშორისო დამკვირვებლებად გასაღებას, რათა გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ პროცესს. 

გვაქვს ინფორმაცია ერთ პირზე, რომელიც წარმოადგენს ბერლინის საკანონმდებლო ორგანოს, თუმცა ის იქ იმყოფება კერძო პირის სტატუსით და მას არ აქვს რამე ტიპის რწმუნება, ნებართვა იმ უწყებიდან, რომელ უწყებაშიც მუშაობს", - თქვა კონსტანტინიდმა

რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინმა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, თქვა, რომ არჩევნები აფხაზი ხალხის საშინაო საქმეა და მოსკოვი მის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს.

მისივე თქმით, არჩევნების განმავლობაში დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევა არ გამოუვლენიათ. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ დიდი ალბათობით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა. 

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი იმავე ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ერთად. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღევანდელი ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული". 

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ. 

კომენტარები