ფაროსანა

ბაქრაძე: გამოცხადება, რომ ფაროსანა დამარცხდა, დიდი გადაჭარბებაა, ამის მაგალითია ოზურგეთი

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში იმყოფებოდა. ევროპული საქართველოს ცნობით, ადგილობრივებმა ბაქრაძეს უთხრეს, რომ ფაროსანამ სრულად გაუნადგურათ თხილის მოსავალი. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.

"რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში წარმატებით დასრულდა ფაროსანასთან ბრძოლა. მე მინდა მოვუწოდო მას, ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის რაიონს. აქ, ამ რაიონში ფაროსანასთან ბრძოლა დასრულებული არ არის, აქ, ამ რაიონში ფაროსანა ისევე აზარალებს და აზიანებს მოსახლეობის მოსავალს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. დიახ, საქართველოს რამდენიმე რაიონში სიტუაცია ფაროსანასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით და მათთან ერთად მოხერხდა ნაწილობრივ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ იმის გამოცხადება, რომ ფაროსანა დამარცხდა, არის ძალიან დიდი გადაჭარბება და ამის მაგალითი არის ოზურგეთის რაიონი. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას. იმიტომ, რომ დღეს მათი თხილი არის დაზარალებული და დაზიანებული ფაროსანასგან და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი, რომელსაც კარგავენ“ - თქვა ბაქრაძემ.

პრემიერმინისტრმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ “აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი გარდამტეხია".

კომენტარები