აშშ-ჩინეთი

ჩინური იუენი დოლართან მიმართებით 11 წლის მანძილზე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ThoughCo

26 აგვისტოს ჩინური იუენი 11 წლის მანძილზე რეკორდულად გაუფასურდა.

2008 წლის თებერვლის შემდეგ ჩინური იუენი ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ჩინურ ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 7.1500 იუენია, ოფშორულ ბაზარზე კი 1 აშშ დოლარი 7.187 იუენი ღირს. 

26 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის წარმომადგენლები აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურდათ.

"ჩინეთმა დარეკა გუშინ საღამოს... თქვეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სურთ. ასე რომ ჩვენც დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას," - თქვა ტრამპმა. 

23 აგვისტოს ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათასზე სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ახალი ტარიფები ნაწილი 1 სექტემბრიდან და 15 დეკემბრიდან ამოქმედდება. ჩინეთში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ანალოგიური ნაბიჯი აშშ-მ გადადგა.

საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ ტარიფებს გაზრდიდა - "ჩინეთს ამერიკული პროდუქციისთვის 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფი არ უნდა დაეწესებინა (პოლიტიკურად მოტივირებული!). 1-ლი ოქტომბრიდან 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური საქონელი და პროდუქცია, რომელსაც ამჟამად 25%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, 30%-იანი ტარიფი დაუწესდება. ამას გარდა, ჩინეთიდან დარჩენილ 300 მილიარდი დოლარის საქონელსა და პროდუქციას, რომელსაც 1-ლი სექტემბრიდან 10%-იანი ტარიფი უწესდებოდა, ახლა 15%-იანი ტარიფი დაუწესდება".

აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიცადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ტრამპის ზემოთაღნიშნული განცხადების შემდეგ, შესაძლოა, 15% გახდეს.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

კომენტარები