გირჩი

გირჩი TV გადასახადებს არ გადაიხდის: "აქ მზე არავინ არ არის"

Girchi

გირჩი TV არ გადაიხდის არც ერთ გადასახადს, მანამ სანამ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ მიაღწევს 24,984,000 ლარს.

ამის შესახებ განცხადებას გირჩი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს თანხა არის ერთი სამაუწყებლო კომპანიისთვის დღემდე ჯამში ჩამოწერილი ყველაზე დიდი საგადასახადო დავალიანება.

პარტიის ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას სხვა ტელევიზიებისთვის 2010 წლიდან დღემდე ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების შესახებ:

  • თრიალეთი - 48,000 ლარი
  • მზე - 593,000 ლარი
  • 25-ე არხი - 644,000 ლარი
  • პიკი - 1,497,000 ლარი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 12,312,000 ლარი
  • იმედი - 15,119,000 ლარი
  • რუსთავი 2 - 24,984,000 ლარი

ამასთან, ტელევიზია მიუთითებს იმაზეც, რომ საუბარია საგადასახადო დავალიანებების კიდევერთხელ ჩამოწერაზე სამაუწყებლო კომპანიებისთვის:

  • მაესტრო - 8,000,000 ლარი
  • იმედი - 19,000,000 ლარი
  • რუსთავი 2 - 28,000,000 ლარი

გირჩი TV აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავალიანებები იმ ტელევიზიებს ჩამოეწერათ, რომლებიც ასრულებენ ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას.

"სატელევიზიო ბიზნესი საქართველოში მეტწილად არის პოლიტიკური ბიზნესი. სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, სარგებლობენ ორი აპრობირებული სტრატეგიით, რომელსაც როგორც წესი მივყავართ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერამდე:

ა) უნდა ასრულებდე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რათა ხელისუფლებას უღირდეს გადასახადების გადაუხდელობაზე თვალის დახუჭვა;

ბ) უნდა ასრულებდე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალის რუპორის ფუნქციას, რომ ხელისუფლების მხრიდან გადასახადების გადაუხდელობაზე რაიმე რეაქცია, საზოგადოების თვალში ოსტატურად შეფუთო პოლიტიკურ ზეწოლად და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლად.

გადასახადების გადაუხდელობა ეპატიათ მათ, ვინც ეს შეძლო.

სხვა მაუწყებლები, რომლებმაც უარი თქვეს ამ ორი ფუნქციიდან რომელიმეს შესრულებაზე, უბრალოდ დაიჩაგრნენ და დღემდე არიან გაჭირვებულ მდგომარეობაში.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენი აზრით ნებისმიერი გადასახადი ძარცვაა, მედიაბაზარზე შექმნილი ეს რეალობა წარმოუდგენელი უსამართლობაა", - ამბობენ გირჩი TV-ში.

გარდა იმისა, რომ პარტია გირჩის ტელევიზია აპირებს არ გადაიხადოს გადასახადები, იგივესკენ მოუწოდებს სხვა ტელევიზიებს, ვინც აქამდე გადასახადებს იხდიდა. მათი განცხადებით:​

  • გირჩი ტვ არ გადაიხდის არც ერთ გადასახადს, მანამ სანამ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება არ მიაღწევს 24,984,000 ლარს (ერთი სამაუწყებლო კომპანიისთვის დღემდე ჯამში ჩამოწერილი ყველაზე დიდი საგადასახადო დავალიანება);
  • გირჩი ტვ მოუწოდებს ყველა სამაუწყებლო კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში იხდიდა გადასახადებს, ან რომელიც ახლა დაფუძნდება, რომ გააკეთონ იგივე;
  • მსხვილი სამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების კვლავ ჩამოწერის შემთხვევაში, გადასახადების გადახდის დაწყების ზედა ზღვარს გავზრდით შესაბამისი ოდენობით (მაგალითად: თუ რუსთავი 2-ს ჩამოეწერა დამატებით 28,000,000 ლარი, გადასახადების გადახდას დავიწყებთ როდესაც გირჩი ტვ-ს საგადასახადო დავალიანება მიაღწევს 24,984,000 + 28,000,000 = 52,984,000 ლარს).
  • აქ მზე არავინ არ არის.

კომენტარები