ემანუელ მაკრონი

მაკრონი: ბრაზილიელ ქალებს ალბათ რცხვენიათ, რომ ბოლსონარო მათი პრეზიდენტია

ემანუელ მაკრონი / ჟაირ ბოლსონარო
Shutterstock

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს კომენტარებს გამოეხმაურა. მაკრონმა ბოლსონაროს კომენტარს მისი ცოლისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი უწოდა:

"სამწუხაროა, პირველ რიგში სამწუხაროა მისთვის და ბრაზილიელებისათვის. ბრაზილიელ ქალებს ალბათ რცხვენიათ მათი პრეზიდენტის. ვინაიდანაც ბრაზილიელებისადმი ღრმა პატივისცემა მაქვს, იმედი მაქვს, რომ მათ მალე ეყოლებათ თანამდებობისათვის შესაფერისი პრეზიდენტი." თქვა მან.

ბოლსონარომ Facebook პოსტზე, რომელიც მის 37 წლის მეუღლესა და მაკრონის ცოლს, ბრიჯიტს ერთმანეთს ადარებდა კომენტარად დაწერა "ნუ აყენებთ ამ კაცს შეურაცხყოფას, ჰაჰაჰა".

ცნობისათვის, ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელია, ჟაირ ბოლსონაროსა და მის მესამე ცოლს შორის კი - 27.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბოლსონარომ ამაზონის ჯუნგლებში ხანძართად დაკავშირებით მაკრონის კომენტარები გააკრიტიკა.

მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარს გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია და დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს მოუწოდა საკითხი განიხილონ.

"ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენი ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს და ახლა იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია."

მაკრონის მოწოდებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტი სენსაციონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ხანძარს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.

"დასანანია, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ბრაზილიის შიდა საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად აქციოს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, განიხილონ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე ამ რეგიონის ქვეყნების გარეშე კოლონიური აზროვნების გადმონაშთია ოცდამეერთე საუკუნეში." დაწერა მან ტვიტერზე.

დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერები შეთანხმდენ რეგიონის ქვეყნებს ხანძართან ბრძოლაში ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებში დაეხმარონ და ამისათვის 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს.

კომენტარები