რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის წარდგენისას, არხზე სერიალი "ოცნების ნამსხვრევები" გადიოდა

ბრიფინგი, სადაც რუსთავი ორის გენერალურმა დირექტრომა პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა, რუსთავი ორი ეთერში არ გასულა. ამ დროს არხზე თურქული სერიალი "ოცნების ნამსხვრევები" გადიოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სალიას ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსობასთან ერთად იმნაიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოსტსაც დაიკავებს.

რუსთავი 2 კურიერის გუნდმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. არხიდან წავიდა ვანო ჯავახიშვილი, ასევე შაბათისა და კვირის შუადღის წამყვანები. რუსთავი 2 დატოვა P.S-ის გუნდმა.

21 აგვისტოს შემდეგ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. ეთერში მხატვრული ფილმები და სერიალები გადის.

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა.

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა.

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს.

 

კომენტარები