ოპიოიდები

Johnson & Johnson-ს ოკლაჰომაში ოპიოიდების კრიზისში როლისათვის $572 მლნ. ჯარიმა დაეკისრა

Reuters

აშშ-ის სასამართლომ დაადგინა, რომ ოკლაჰომას შტატში ოპიოიდების კრიზისის გამწვავებაში როლისათვის კომპანია Johnson & Johnson-მა 572 მილიონი აშშ დოლარიი უნდა გადაიხადოს.

შტატის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ იცოდა ოპიოიდების საფრთხეების შესახებ და ამის მარკეტინგისას მინიმალურად ამცირებდა დამოკიდებულების გამომწვევი ტკივილგამაყუჩებლების უარყოფით ეფექტებს და ხაზს უსვამდა დადებითს. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიის ამ მარკეტინგული კამპანიის შედეგად შტატის ექიმები ამ პრეპარატებს პაციენტებს ზედმეტი რაოდენობით უნიშნავდნენ, რამაც ზედოზირებით დაღუპვის შემთხვევები გაზარდა.

კომპანიაში ბრალდებებს კვლავ უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი მარკეტინგული კამპანია სამეცნიერო მონაცემებს ეყრდნობა და მათი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები Nucynta და Duragesic ოკლაჰომაში გამოწერილი ოპიოიდების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. მათი თქმით 2008 წლის შემდეგ მათი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები აშშ-ის ბაზრის მხოლოდ 1%-ს იკავებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის სასამართლომ ოპიოიდების მწარმოებლების და დისტრიბუტორების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაერთი სარჩელი შესულა.

ოკლაჰომას შტატის ადვოკატებს სარჩელი შეტანილი ჰქონდათ OxyContin-ის მწარმოებელი Purdue Pharma-ს წინააღმდეგაც, თუმცა სასამართლო განხილვამდე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია 270 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. მსგავს შეთანხმებას მიაღწიეს Teva Pharmaceutical-თანაც, რომელიც 85 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით 1999 წლიდან 2017 წლამდე ოპიოიდების ზედოზირების გამო 400,000-მდე ამერიკელი დაიღუპა. 2000 წლის შემდეგ მხოლოდ ოკლაჰომას შტატში ამ მიზეზით 6,000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარები