თიბისი ბანკის საქმე

ხაზარაძე: დაყადაღება, მათი გაგებით, ნიშნავს, რომ ვერ დავაფინანსებთ პარტიას, არ გამოუვათ

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება იმას ისახავს მიზნად, რომ მათ ხელი შეეშალოთ ანაკლიის პორტისა და თავიანთი პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსებაში.

"ანგარიშის დაყადაღება, ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, იმ ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, იმ საბანკო კრედიტებს ვერ მოვემსახურებით, რომლითაც ჩვენ ვაფინანსებდით დღემდე და ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც ძალიან მალე შეგატყობინებთ," - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძეს იმედი აქვს, რომ მთავრობის მხიდან გაზრდილი წნეხის პირობებში, მის დაანონსებულ პოლიტიკურ საქმიანობას მისი მეგობრები დაეხმარებიან საქართველოდან და უცხოეთიდან.

"არ გამოგივათ არაფერი, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია. რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველანაირ მზადყოფნას გამოთქვამენ იმისათვის, რომ ჩვენ ის კურსი გაგრძელდეს, რომელიც ავიღეთ და რაც შევპირდით ჩვენ ქართველ ხალხს, რომ ეს რეალობა და ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, უნდა დასრულდეს."

TBC ბანკის დამფუძნებლებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 27 აგვსიტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მათი ანგარიშების დაყადაღება გაერთიანებულ სამეფოში.

ჯაფარიძის და ხაზარაძის ქართული ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით საქალაქო სასამართლომ 20 აგვისტოს დააყადაღა. 26 აგვისტოს ორივე მათგანმა 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა.

კომენტარები