იტალია

იტალიაში ახალ სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იტალიის "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რომელმაც გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიცია პარტია "ჩრდილოეთის ლიგასთან" შექმნა ხელახალი არჩევნების თავიდან ასარიდებლად ახალი კოალიციის ჩამოყალიბებისათვის მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ამ დროისათვის მოლაპარაკებების ჩაშლის შანსი არსებობს, ვინაიდან პარტიები შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის სპიკერმა თქვა.

მისი თქმით "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერს, ლუიჯი დი მაიოს, რომელიც მაჟამად იტალიის ვიცე-პრემიერის და ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტი უკავია, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავება თავად სურს, თუმცა ამავდროულად ვიცე-პრემიერად დარჩენასაც გეგმავს.

პარტია "5 ვარსკვლავის მოძრაობაში" უარყოფენ, რომ დი მაიომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მოითხოვა.

ორშაბათს პარტიებმა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რის შემდეგაც დემოკრატიულ პარტიაში მიანიშნეს, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე ჯუზეპე კონტეს ხელახლა დანიშვნას ვეტოს არ დაადებენ.

მიუხედავად ამისა სამშაბათს "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერაფერს მიაღწიეს და მოლაპარაკებები შეაჩერა. მათ დემოკრატიული პარტიისაგან დამოკიდებულების შეცვლა და კონტეს კანდიდატურის მხარდაჭერა მოითხოვეს.

ჯუზეპე კონტემ პრემიერმინისტრის პოსტი გასულ კვირას დატოვა, მას შემდეგ, რაც "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ სამთავრობო კოალიცია დაშლილია და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

პარტიებმა ოთხშაბათს პრეზიდენტ სერჯო მატარელას ანგარიში უნდა ჩააბარონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ პრეზიდენტი დროებით მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში სალვინიმ თქვა, რომ კოალიციის პარტნიორებს შორის გაჩენილი განსხვავებები ვერ გამოსწორდება. მისი აზრით "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წარუმატებელი მცდელობა ჩაეშალა სწრაფმავალი მატარებლების ხაზის გეგმები აჩვენებს, რომ კოალიციას მართვა აღარ შეუძლია.

"პირდაპირ პარლამენტში მივიდეთ, ვთქვათ, რომ ეს უმრავლესობა აღარაა და დროულად დავუბრუნდეთ ამომრჩევლებს." თქვა სალვინიმ.

"5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ მის პარტიას ხელახალი არჩევნების არ ეშინია.

"ჩვენ მზად ვართ, ჩვენ არ გვადარდებს თანამდებობები, ჩვენ ეს არასოდეს გვადარდებდა." თქვა დი მაიომ.

სამთავრობო კოალიციის პარტიებს შორის განხეთქილება იტალიის ქალაქ ტურინისა და საფრანგეთის ქალაქ ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტს უკავშირდება. მრავალმილიარდიანი პროექტის ფარგლებში ალპებში 58 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაეყვანათ, რასაც "5 ვარსკვლავის მოძრაობა" ეწინააღმდეგება.

პროექტი 20 წლის წინ დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველი გათვლებით ის 8.6 მილიარდი ევრო დაჯდებოდა, თუმცა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წევრმა დანილო ტონინელიმ თქვა, რომ ფასი 20 მილიარდს მიაღწევს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ზედმეტად ძვირადღირებული პროექტია და ამასთანავე გარემოსათვის საზიანო.

სალვინის აზრით კი რკინიგზა მგზავრობის დროს გაანახევრებს, მანქანების რაოდენობას შეამცირებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.

გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე "ჩრდილოეთის ლიგამ" თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამჟამად საპირისპირო მდგომარეობაა.

კოალიციის დაშლაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ივლისში სალვინიმ თქვა, რომ ჯერ კიდევ არის დრო იტალიის პარლამენტის დასაშლელად და ზაფხულის შესვენების შემდეგ არჩევენების დასანიშნად.

სალვინიმ თქვა, რომ არსებული მთავრობის შენარჩუნება დამოკიდებულია სამთავრობო კოალიციაში მათი პარტნიორის "5 ვარსკვლავის მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე და მათთან რეგიონული ავტონომიის გაზრდაზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანამშრომლობაზე.

მაშინ დი მაიო ამბობდა, რომ სხვაგვარი სამთავრობო კოალიციის შექმნა შეუძლებელია და ალტერნატიულ ვარიანტებ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობის სახით არ განიხილავენ.

იტალიის კოალიციური მთავრობის პარტნიორებს შორის დაპირისპირება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენის დანიშვნას მოჰყვა. "ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ამის შემდეგ ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ "ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ვერ მიიღო გარანტია მათი პარტიის წარმომადგენელის, ჯანკარლო ჯორჯეტის კომისიის წევრობის საკითხზე და მათმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ევროპაში იტალიის იზოლაცია გამოიწვიოს. "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები