ნათია აბრამია

ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს

ჟურნალისტი ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. ადმინისტრაციაში ტაბულას უთხრეს, რომ აბრამია მოწვეული სპეციალისტია, თუმცა კითხვაზე რა პერიოდიდან მუშაობს მათთან, არ პასუხობენ.

"ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოწვეული სპეციალისტის რანგში", - ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ნათია აბრამია ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ცოლია, რომელიც გუშინ, 26 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსად და აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა.

იმნაიშვილი და აბრამია 2007 წლის შემდეგ BBC-ში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პაატა სალიამ გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, რუსთავი 2 სხვა ჟურნალისტებმაც დატოვეს. 21 აგვისტოს შემდეგ არხის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. ეთერში მხატვრული ფილმები და სერიალები გადის. 

კომენტარები