რუსული ოკუპაცია

კაპანაძე: რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი ჩაუვარდა

სერგი კაპანაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს წვერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია, შორს არის რალობისგან

კაპანაძის თქმით, რეალურად, რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების პროცესი ჩაუვარდა. 

„ჩვენ ვნახეთ ამხანაგი ლავროვის განცხადება და შეფასება, რომელიც ძალიან შორს არის რეალობისგან. რეალურად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პროცესი ბოლომდე ჩაუვარდა რუსეთს. ის ქვეყნები, რომლებიც ლავროვმა ჩამოთვალა, რომ აღიარეს, აღარ არიან ამ სიაში. მათგან ვანუატუმ და ტუვალუმ უკან წაიღეს აღიარება, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა, როგორც კი რეჟიმები შეიცვლება, ისევე, როგორც ნაურუში, ისინიც უკან წაიღებენ აღიარებას. პრაქტიკულად, აღიარების ეს პროცესი წარუმატებელია. მით უმეტეს, რომ ლავროვმა და მისმა გუნდმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას. რუსეთი მეგობრული არის მხოლოდ ამღიარებელთა შორის. რაც შეეხება აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს შემდგარობას, ეს სასაცილოა, ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ბოლომდე ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან“, – თქვა კაპანაძემ პირველ არხთან.

სერგი კაპანაძის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ არის დამოკიდებული ოკუპირებული აფხაზეთი რუსულ ფინანსებსა და სამხედრო ყოფნაზე, შესაბამისად, ლავროვის განცხადების მიზანი, მისი თქმით, საკუთარი მოსახლეობის მორიგ ჯერზე მოტყუებაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში თქვა: 

"პირველი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუა იყო, შემდეგ ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატამ. ახლა კი იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს, სირიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადია". 

კომენტარები