ახალი ფილმი

Hollywoodreporter: ჟერარ დეპარდიე ლეონიდ ბრეჟნევის როლს შეასრულებს

Hollywoodreporter

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც საფრანგეთში გადასახადების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ახალ ფილმში საბჭოთა კავშირის ლიდერის ლეონიდ ბრეჟნევის როლს შეასრულებს

ფილმი 1968 წლის ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი ე.წ. პრაღის გაზაფხულს ეხება.

ფილმის ბიუჯეტი 11,2 მილიონი დოლარია, გადაღებები 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

ფილმის პროდიუსერმა ანდრეჯ ანტონიო ლეკამ ჩეხურ რადიოს Frekvencе 1-ს განუცხადა, რომ დეპარდიემ ბრეჟნევის როლის თამაშს ხელი მოაწერა.

2013 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის უშუალო ჩარევით, დეპარდიე თავდაპირველად მორდვეთის რეგიონის დედაქალაქ სარანსკში დარეგისტრირდა.

გასულ ზაფხულს, მორდვეთის ფედერალური სამსახურის სასამართლოს მარშალებმა განაცხადეს, რომ დეპარდიე გადასახადებს არ იხდიდა. რუსული კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს ასეთ სიტუაციაში ქონების ჩამორთმევა შეუძლიათ, მაგრამ დეპარდიე ქონებას მორდოვის რეგიონში არ ფლობდა. ერთადერთი, რასაც ის რუსეთში ფლობს, არის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მდებარე ბინა, რომელიც მას ადგილობრივმა დიქტატორმა რამზან კადიროვმა გადასცა. ახლა დეპარდიე ციმბირის ადმინისტრაციულ ცენტრში ნოვოსიბირსკშია დარეგისტრირებული.

პრაღის გაზაფხული ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიული გარდაქმნების პირველ ცდა იყო, რომლებსაც ადგილობრივი რეფორმატორები ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით ედგნენ სათავეში. ამ ქმედებას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განიხილავდნენ, როგორც მუქარას მთელი სოციალისტური ბანაკისადმი. იმის შიშით, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობილების დამხობა და მისი გამოსვლა ვარშავის ხელშეკრულებიდან სხვა სახელმწიფოებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებდა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, 1968 წლის 21 აგვისტოს თავისი ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეეყვანა. ბრეჟნევმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო სამხედრო ინტერვენციისათვის, თუკი რომელიმე კომუნისტური ქვეყანა შეეცდებოდა პარტიის კურსიდან გადახვევას.

1956 წლის უნგრეთის მოვლენების შემდეგ ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი ცდა, ძალის გამოყენებით ჩაეხშო დემოკრატიული გარდაქმნები სოციალისტური ბანაკის შიგნით. ეს მოვლენები თვითონ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ განვითარებაზე აისახა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.

კომენტარები