მედიცინა

ნაცისტების მიერ შექმნილი ანატომიის ატლასი და მასთან დაკავშირებული ეთიკური დილემა

აკა ზარქუა
0 კომენტარი

როცა მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქირურგს, სიუზან მაკინონს რომელიმე ნერვის ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა სჭირდება, ის წინა საუკუნეში გამოცემულ ანატომიურ ატლასს იყენებს. ხელით შექმნილი დეტალური ილუსტრაციების მეშვეობით, მედიკოსი სწრაფად პოულობს პასუხს და ოპერაციაც წარმატებით სრულდება. ანატომიური ატლასი, რომელიც მსოფლიოს სამედიცინო წრეებისთვის კარგად არის ცნობილი, ყველაზე ზუსტ ნამუშევრად მოიაზრება.

თუმცა ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე ქირურგი ამ ატლასის გამოყენებას გადაწყვეტს, მის წინაშე რთული, ეთიკური დილემა ჩნდება. საქმე ისაა, რომ ის ნაცისტურ გერმანიაში ნაცისტებმა შექმნეს.

სახელმძღვანელოს ავტორი, ედუარდ პერნკოპფი ანატომიის პროფესორი და ვენის უნივერსიტეტის რექტორი, ნაცისტი იყო. ნაცისტები იყვნენ პერნკოპფის დამხმარე ილუსტრატორებიც - ერიხ ლეპიერი, ლიუდვიგ შროტი, კარლ ენდტრესერი და ფრანც ბატკე.

ავტორები წიგნზე ანატომიურ თეატრში მუშაობდნენ, სადაც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა გვამები მიჰქონდათ. ატლასში მოცემული 800 ილუსტრაციიდან ნახევარი, ნაცისტების მსხვერპლთა გვამების გაკვეთისა და შესწავლის შედეგად შეიქმნა. მათ შორის, ბოშების, სექსუალური უმცირესობების, დისიდენტების და ებრაელების.

სახელმძღვანელოში ზედმიწევნით ზუსტად და დეტალურად არის ასახული კანი, კუნთოვანი და ნერვული სისტემა, შიდა ორგანოები და ძვლები. ცნობილია, რომ პროექტის ხელმძღვანელი, ედუარდ პერნკოპფი ილუსტრატორებისგან მაქსიმალურ დეტალიზაციას მოითხოვდა. ატლასში მოცემული ილუსტრაციები რეალური ანატომიისგან მხოლოდ ფერებით განსხვავდება, რასაც პრაქტიკული გამოყენება ჰქონდა - ამ მეთოდით მკითხველისთვის ორიენტირება გაცილებით მარტივია.

წიგნის პირველი ტომი 1937 წელს გამოიცა, მეორე კი 1941-ში. მასზე მუშაობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეწყდა, რადგან ოთხი ილუსტრატორიდან სამი ფრონტზე წავიდა. მესამე და მეოთხე ტომები უკვე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოსცეს.

ამ დროისთვის, ატლასი აღარ გამოიცემა, მისი ყიდვა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ბუკინისტებთან და სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. სახელმძღვანელოს ფასი, გამოშვების თარიღის მიხედვით, მკვეთრად განსხვავებულია. ძველი გამოცემების ღირებულება ხშირად რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ექიმი მზად არის ატლასში დიდი ფული გადაიხადოს, ამ სახელმძღვანელოს ღიად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოყენება არავის შეუძლია.

ეთიკურ პრობლემას სწორედ მასში ასახული ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა გაკვეთილი გვამები წარმოშობს. სამედიცინო წრეებში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ აქვთ. სიუზან მაკკინონის თქმით, მას აწუხებს ატლასის წარმომავლობის შემზარავი ისტორია, თუმცა მის გამოყენებაზე უარის თქმა შესაძლოა ექიმის ეთიკის დარღვევასაც გულისხმობდეს - ვინაიდან, ხშირად სწორედ ამ ატლასის გამოყენებაზეა დამოკიდებული ოპერაციის ბედი და პაციენტის სიცოცხლე.

ჰოლოკოსტს გადარჩენილი, სამედიცინო ეთიკის სპეციალისტი, პროფესორი ჯოზეფ პოლაკი ამბობს, რომ სახელმძღვანელო თავისთავად ზნეობრივი დილემას წარმოადგენს, რადგან მისი შექმნა შემზარავ ბოროტებას უკავშირდება. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს წიგნი ახლა სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული.

პერნკოპფის მიერ შექმნილი ატლასის ეგზემპლარები ფოტო: bbci.co.uk

ატლასის ავტორი, ედუარდ პერნკოპფი წიგნზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ცნობილია, რომ მის კარიერულ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ნაციონალ-სოციალუსტური პარტიის წევრობამ ითამაშა.

კოლეგები პერნკოპფს ახასიათებდნენ როგორც მორწმუნე ნაციონალ-სოციალისტს, რომელიც 1938 წლიდან სამსახურში ნაცისტური ფორმით დადიოდა. როდესაც პერნკოპფი ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა, მან სასწავლებლიდან ყველა ებრაელი სტუდენტი და პროფესორი გააგდო, მათ შორის ნობელის პრემიის სამი ლაურეატიც.

1939 წელს ნაცისტურ გერმანიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯილი ყველა ადამიანის გვამი გამოსაკვლევად და დეტალური შესწავლისთვის ანატომიის თეატრებში მიჰქონდათ.

ატლასის ავტორი, ედუარდ პერნკოპფი (ცენტრში) და მისი დამხმარე ილუსტრატორები ფოტო: bbci.co.uk

ანატომიის ატლასის პირველი ტომის პირველ გამოცემაში ორი ილუსტრატორის ხელმოწერა ნაცისტურ სიმბოლიკას - სვასტიკასა და შუცშტაფელის ემბლემას შეიცავდა. ეს ხელმოწერები 1964 წლამდე გამოცემებში იყო, თუმცა მოგვიანებით ახალი გამოცემების რეტუშირება მოხდა და ნაცისტური სიმბოლიკაც აღარ ჩანდა.

მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, ედუარდ პერნკოპფი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. მან სამი წელი სამხედრო ტყვეების ბანაკში გაატარა. საბოლოოდ, პერნკოპფის მიმართ არანაირი ბრალდება არ იქნა წარდგენილი და იგი გაათავისუფლეს.

ის ვენის უნივერსიტეტში დაბრუნდა და ატლასზე მუშაობა გააგრძელა. სახელმძღვანელოს მესამე ტომი 1952 წელს გამოიცა. პერნკოპფი მეოთხე ტომის გამოცემამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა.

ატლასის ბოლო განახლებიდან უკვე 60 წელზე მეტია გასული, თუმცა დღემდე ედუარდ პერნკოპფის ნამუშევარი ქირურგებისთვის ადამიანის აგებულების შესახებ ინფორმაციის შეუფასებელი წყაროა.

სახელმძღვანელო ხუთ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში წიგნის ათასეულობით ეგზემპლარი გაიყიდა. ატლასის წინასიტყვაობაში საუბარია ზედმიწევნით რეალურ და დეტალურ ილუსტრაციებზე, რომლებიც ხელოვნების ნიმუშად არის მოხსენიებული, თუმცა ამ ნახატების შექმნის პროცესზე ნათქვამი არაფერია.

სამედიცინო და პროფესიული წრეები სახელმძღვანელოს წარმომავლობის ისტორიით პირველად 1990 წელს დაინტერესდნენ. მას შემდეგ, რაც 1994 წელს სიმართლე გაირკვა, ატლასის გამოცემა შეწყდა.

ინგლისის სამეფოს ქირურგთა კოლეგიის ცნობით, ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში და სასწავლებლებში წიგნი აღარ გამოიყენება, თუმცა სხვადასხვა ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარი ინახება.

სამედიცინო ჟურნალმა, Neurosurgery-მ, ამ თემაზე ქირურგებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ პროფილური ქირურგების 59%-მა ატლასის არსებობის შესახებ იცოდა. გამოკითხულთა 13%-ის თქმით კი, მას სამსახურში კვლავ იყენებენ.

ამავდროულად, 69%-მა განაცხადა, რომ ამ წიგნის გამოყენებაში დასაძრახი არაფერია. 15%-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ატლასის წარმომავლობის შესახებ, ეჭვი შეეპარათ მისი გამოყენების ეთიკურობაში. გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

სიუზან მაკკინონის თქმით, ატლასის პირველი გამოცემის დროიდან დღემდე არ შექმნილა არცერთი ანატომიური სახელმძღვანელო, რომელიც დეტალიზაციისა და სიზუსტის ხარისხით პერნკოპფისა ნამუშევარს შეედრებოდა.

ქირურგის აღნიშნავს, რომ ოპერაციის მსვლელობისას ნაცისტების მიერ შემქნილი წიგნისგან მიღებული ინფორმაცია შეუფასებელია. ილუსტრაციებში უმცირესი პერიფერიული ნერვებიც კი არის აღბეჭდილი.

მაკკინონის ცნობით, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ატლასის წარმომავლობა, იგი სახელმძღვანელოს პირად სეიფში ინახავს. 

სიუზან მაკკინონი ფოტო: bbci.co.uk

არსებულ ეთიკურ დილემას 2018 წელს უპასუხეს სამედიცინო ეთიკის სპეციალისტმა ჯოზეფ პოლაკმა და ფსიქიატრმა მაიკლ გროდინმა. პასუხი იუდაისტური სამედიცინო ეთიკაზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვით, ატლასის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

პოლაკისა და გროდინის თქმით, იმ სპეციალისტებმა და პაციენტებმა, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს იყენებენ, უნდა იცოდნენ მისი შექმნის ისტორია, რათა არ იქნეს დავიწყებული ის ბოროტება, რომელიც წიგნის შექმნას უკავშირდება.

სპეციალისტების მიერ მომზადებულ პასუხში მოყვანილია სიუზან მაკკინონის გამოცდილებაც - ერთ-ერთ ოპერაციის მსვლელობისას ქირურგი კონკრეტული ნერვის პოვნას ვერ ახერხებდა, რაც შემდეგ სწორედ პერნკოპფის მიერ შექმნილი ატლასის დახმარებით შეძლო და პაციენტი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა.

სიუზან მაკკინონი ოპერაციის მსველობისას ფოტო: bbci.co.uk

ბევრი სპეციალისტის აზრით, ნაცისტების მიერ შექმნილი სახელმძღვანელო დღემდე შეუცვლელია. ამას ადასტურებს საბინ ჰილდებრანდტი, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. ჰილდებრანდტის თქმით, საკუთარ ლექციებზე ატლასს მხოლოდ მაშინ იყენებს, თუ კი აქვს საკმარისი დრო, რომ წიგნის შექმნის ისტორია სტუდენტებს მოუყვეს.

მაკკინონის თქმით კი, მისთვის როგორც ქირურგისთვის, რომელსაც სამედიცინო ეთიკის დაცვა სურს, აუცილებელია იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, რათა ოპერაცია წარმატებით დასრულდეს. მედიკოსი მიუთითებს, რომ პაციენტები მისგან სწორედ ამის მოლოდინი აქვთ.

ქირურგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ სახელმძღვანელოებზე უარის თქმით, პერიფერიული ნერვების ქირურგია თანამედროვეობას რამდენიმე ათწლეულით ჩამორჩება.

წყარო: BBC

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები