აშშ-ის სენატი

სენატორების წერილი ტრამპს: პუტინის რუსეთის G7-ში დაბრუნება ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

dailypolitical.com

დემოკრატმა სენატორებმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ბობ მენენდესმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის წევრმა ჯეკ რიდმა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ მარკ უორნერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერეს და ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების წინააღმდეგ პროტესტი დააფიქსირეს. მათი აზრით პუტინის რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება ამერიკის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

სენატორებს მიაჩნიათ, რომ პუტინი სამართლიანად გააძევეს დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის საპასუხოდ და რომ რუსეთს ამჟამად არ აქვს შესაფერისი დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ჯგუფის წევრი იყოს.

სენატორები ასევე ხაზს უსვამენ რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს და ამერიკულ და ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უარყოფით გავლენებს, მათ შორის 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშზე ქიმიური იარაღით თავდასხმის ფაქტს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, უმცირესობების და პოლიტიკური ოპონენტების დევნას და მსოფლიოს გარშემო ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერას.

მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ჯგუფში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაბრუნდეს, რაც რუსეთის მხრიდან გამოჩნდება დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების იდეა.

მანამდე კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

მაკრონმა თქვა, რომ ჯერ აუცილებელია გადაწყდეს უკრაინის კრიზისი. მას მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის დაბრუნება დიდი რვიანის ფორმატში შეცდომა იქნებოდა, რომელიც ევროკავშირის სისუსტეს აჩვენებდა.

რუსეთი დიდი რვიანის ქვეყნებიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გააძევეს. დიდი შვიდეულის შემდეგი სამიტი კვირის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ჯგუფის თავმჯდომარე მიმდინარე წელს საფრანგეთია, 2020 წელს კი აშშ გახდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპმა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების იდეა წამოაყენა.

გასულ წელს კვებეკში დიდი შვიდეულის სამიტზე ტრამპმა დასვა კითხვა: "რატომ ვმართავთ შეხვედრას რუსეთის გარეშე? რუსეთი უნდა იყოს შეხვედრაზე, ამის ნაწილი უნდა იყოს."

მაშინ კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ტრამპს აუხსნა, რომ რუსეთის დაბრუნება "საერთოდ არ განიხილებოდა."

კომენტარები