რუსული ოკუპაცია

კანდელაკი ხულორდავას: ოცნების პოლიტიკა სწორედ ისაა, რომ ოკუპაცია სანქციებში არ მოხვდეს

პარტია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას პასუხობს, რომელმაც დღეს, 29 აგვისტოს, რუსული სამხედრო ტექნიკის ხაშურის სოფელ ჩორჩანაში გადაადგილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდება პროვოკაცები, რასაც საქართველო არ უნდა წამოეგოს, ვინაიდან ამ წამოგების ფასი საქართველომ უკვე იცის.

"დღეს ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა და ერთერთმა სახემ, ქალბატონმა თამარ ხულორდავამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზია, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თემა, რომ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თემა, რომელსაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ხელი ევროკავშირის სახელით მოაწერა არ გახდეს ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ, რუსეთზე დაკისრებული სანქციების ნაწილი, რომ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების მოხსნის პირობად რუსეთს არ წაუყენონ საქართველოდან ჯარების გაყვანა, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შეწყვეტა და ოკუპაციის შეწყვეტა", - ამბობს გიორგი კანდელაკი.

მისივე თქმით, ხულორდავას მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ უკრაინის მაგალითზეც ჩანს, რომ სანქციები რუსულ აგრესიას არ აჩერებს ადასტურებს, რომ ოცნების პოლიტიკა სწორედ ისაა, რომ სანქციებში საქართველო არ იყოს.

"ამაზე უკეთეს საჩუქარს პუტინი და ოკუპანტი საქართველოს მხრიდან ვერც ინატრებს. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში უმაღლესს დონეზე ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრებს, არცერთ ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ წამოჭრილა და თუკი საქართველოს საკითხი არ არის წამოჭრილიი ასეთ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს პრობლემა არ აქვს. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ ასეთ დონეზე საქართველოს საკითხი არ წამოიჭრას, ეს უფრო მეტია ვიდრე შეცდომა, ეს არის დანაშაული და დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი ამომრჩეველი სატანადო შეფასებას მისცემს" - აღნიშნა კანდელაკმა.

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას.

კომენტარები