რუსული ოკუპაცია

მინისტრის მოადგილე: თუ ვინმეს ეკისრება არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, ეს არის რუსეთი

0 კომენტარი
ლაშა დარსალია ფოტო: Reginfo

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს სოფელ ჩორჩანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქ არსებული რთული ვითარების გამო.

ლაშა დარსალია ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს ეკისრება არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, ეს რუსეთის ფედერაციაა.

"ჩვენ 24-საათიან რეჟიმში კონტაქტზე ვართ როგორც ჩვენს პარტნიორებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვითარება არის საკმაოდ რთული, ყოველ წუთს შესაძლებელია პროვოკაციები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რაც მიმდინარეობს ამ წუთას საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მათთან ერთად მოხდეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია. [...] თუ ვინმეს ეკისრება არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, ეს ცალსახად არის რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი", - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია იმედს.

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები