რუსული ოკუპაცია

ბაქრაძე: მხარს ვუჭერთ ჩორჩანაში პოსტის შენარჩუნებას, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს

ტვ პირველი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პარტია მხარს უჭერს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს შენარჩუნებას. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მტკიცედ და საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება არ მისცეს ისე, რომ უკან არ დავიხიოთ.

"საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, "გაღმა შეედავეს" პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა იქნეს შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოჰყვება და პირიქით, ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დაცულობას", ამბობს დავით ბაქრაძე.

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები