ჩორჩანა

ჰარცელი: მოველით, რომ ყველა მხარე უზრუნველყოფს, სიტუაცია არ გამწვავდეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"ჩორჩანასთან დაკავშირებით სიტუაცია, მათ შორის ორივე მხარეს შეიარაღებული აქტორების სიახლოვე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და დაპირისპირების ენა, რომელიც დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმზე გამოიყენეს მიუღებელია. ჩვენ მოველით, რომ ყველა მხარე მაქსიმალურ თავშეკავებას გამოიჩენს და გამოიყენებს საკუთარ გავლენას იმისათვის, რომ უზრუნველყოს, რომ სიტუაცია არ გამწვავდეს."

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები