რუსული ოკუპაცია

ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ოკუპირებულ სოფლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: fb.com

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასა და წნელისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო მისია 24 საათიან რეჟიმში იმყოფება საოკუპაციო ხაზთან.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები