ევროპული საქართველო

ხოშტარია ზარდიაშვილს: აბსურდული განცხადებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ

30 აგვისტოს ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ევროპული საქართველოს დეპუტატის ელენე ხოშტარიას მოსკოვში მიღებულ განათლებასა და ამ ფაქტის სერგეი გავრილოვთან რაიმე კავშირზე თავად ელენე ხოშტარია გამოეხმაურა.

"ზარდიაშვილის განცხადებაზე სერიოზული მსჯელობა არც შეიძლება იმიტომ, რომ ის არის სიმბოლო იმისა თუ როგორ უნდა იყო მონა და მსახური ერთი ხელისუფლების, თუმცა ეს აბსურდული განცხადებები, რომ მე და გავრილოვი თურმე ერთი ვყოფილვართ და მათი ჩამოყვანილი გავრილოვი მე მიმიყვანია თურმე იმ სკამზე, ასეთი აბსურდული განცხადებით ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას რაც მოაწვათ ქვეყანაში ჩამოყვანიდან დაწყებული თვალების დათხრით გაგრძელებული... ვერანაირად ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას. აბსოლუტური აბსურდია, რომ მათი ჩამოყვანილი მათივე მიყვანილი გავრილოვი პარლამენტში, რომ თურმე მე ვიყავი მთელი ამ პროცესის მმართველი. ეს არის, ჯერ ერთი ფაქტებია სხვანაირი, იმ მომენტში, როდესაც დაჯდა და როცა გავიგე, მერე მივედი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან, მათი აზრით, ეშმაკური მცდელობა პასუხისმგებლობისგან გაქცევის," - განაცხადა ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ზარდიაშვილმა ისიც თქვა, რომ გავრილოვის ვიზიტზე არაფერი იცოდა - "ისე საინტერესოა, გავრილოვის ჩამოსვლაზე მე არაფერი არ ვიცოდი, გავრილოვი ისე ავიდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მე არაფერი არ ვიცოდი, მარა ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა. გავრილოვი და ხოშტარია ერთად სასწრაფოდ, უცბად მოხვდნენ სკამზე".

სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ცნობილი იყო 17 ივნისს. იმავე დღეს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ რუს დეპუტატების მიუღებელი განცხადების გამო საქართველოში შემოსვლას ვერ აუკრძალავდა, ევროპული საქართველოს ერთერთი წევრი გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა.

სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომას თბილისში ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც გავრილოვმა დაგეგმილზე ადრე დატოვა საქართველო. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი.

20 ივნისის აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, ხოლო აქციის 19 მონაწილე. 27 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც 7 მათგანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა ისინი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები